პლატფორმა Human Dx ექიმებს კონსულტაციებს უწევს და დიაგნოზის დასმაში ეხმარება. მონაცემთა სტრუქტურის შესაქმნელად და სავარაუდო დიაგნოზების სიის დასადგენად ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი მანქანათმცოდნეობას იყენებს. პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ასოციაციის (AMA) მხარდაჭერით, მალე ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში გამოჩნდება, - წერს Scientific American.
Human Dx-ით აშშ-ის ექიმების უმსხვილესი ასოციაცია დაინტერესდა და მისი მოხმარების მოხალისე გახდა. სერვისი Crowdsourcing-ის პრინციპზეა აგებული, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ექიმები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და პაციენტებისთვის დიაგნოზის დასმაში კოლეგებს დახმარებას უწევენ.
სისტემის გამოყენების დროს ექიმი მობილურ აპლიკაციაში თხოვნით შევა, პაციენტის ყველა სამედიცნო ინფორმაციას და პირობით დიაგნოზს შეიყვანს, რის შემდეგაც, სხვა ექიმები სწავლობენ აღნიშნულ მონაცემებს და თავიან ვარაუდებს აქვეყნებენ. სისტემა გამოკვლევებისა და ანალიზების შედეგებთან ერთად, პაციენტების სიმპტომებს აანლიზებს, ავადმყოფის სამედიცინო დაკვირვებებსა და ავადმყოფობის ისტორიას განიხილავს და მიღებული ინფორმაციით ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ალგორითმი სავარაუდო დიაგნოზს ადგენს.
აღნიშნულია, რომ დროთა განმავლობაში პლატფორმა არა მხოლოდ ძირითად სამედიცინო ინფორმაციას გაითვალისწინებს, არამედ გენეტიკურ, ეპიგენურ და პროტეომიულ ინფორმაციას და ასევე გამოქვეყნებული სამედიცინო კვლევებითა და მკურნალობის შედეგების სტატისტიკით იხელმძღვანელებს.
აშშ-ის სამედიცინო ასოციაცია (American Medical Association) აღნიშნული ალგორითმის პოპულარიზაციას გეგმავს და აპირებს, რომ იგი 30 მილიონი ამერიკელი პაციენტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. უახლოეს ხუთ წელიწადში Human Dx ამერიკის 1300 უფასო სოციალურ კლინიკაში გამოჩნდება, ხოლო დროთა განმავლობაში სისტემა საერთაშორისო ბაზრებსაც მოიცავს. ამჟამად პლატფორმაზე 70 ქვეყნის ექიმები არიან დარეგისტრირებული. 2014 წლიდან ალგორითმის განვითარებასა და ტესტირებაში 40 სხვადასხვა სამედიცინო სფეროდან 6 000 ექიმი მონაწილეობდა. როგორც გამოცემა Scientific American აღნიშნავს, Human Dx-ის გამოყენება ექიმების ცოდნის შესაფასებლად და მათი უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლადაც შეიძლება. ასევე აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ იაპონიასა და ჩინეთში ექიმების ნაკლებობის პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად.

























