„ამერიკის სავაჭრო პალატა მაქსიმალურად ვცდილობთ, საქართველოში სასამართლოს კომერციულმა პალატამ დაიწყოს ფუნქციონირება“ - ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ველტონმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემას - „ანალიტიკა“ - განუცხადა.
ჯორჯ ველტონს მიაჩნია, რომ დღეს გადაუდებლად არსებობს საჭიროება, სასამართლოში იყოს სტრუქტურა, რომელიც კონკრეტულად ბიზნესდავების მიმართულებით იმუშავებს.
ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სასამართლოში კომერციული პალატის შექმნის იდეაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობას, თუმცა ბოლო პერიოდში „პროცესი შეფერხდა და ეს ძალიან გულდასაწყვეტია“.
პროცესი უნდა განახლდეს, რადგან ასეთი პალატის არსებობა განსაკუთრებით სასარგებლო იქნებოდა დიდი ბიზნესისა და მსხვილი ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდი წყაროა - ამბობს ჯორჯ ველტონი "ანალიტიკა"-სთან საუბარში.
გადაცემა ეხებოდა სასამართლო რეფორმის აუცილებლობას და იმ ერთობლივ მიმართვას, რომელიც ოთხმა ბიზნესგაერთიანებამ - ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში, საქართველოს ბიზნესასოციაციამ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭომ და საერთაშორისო სავაჭრო პალატამ იანვრის ბოლოს გაავრცელეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გააკრიტიკეს და ამ საკითხზე მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.

























