ამერიკულმა და ინდურმა კოსმოსურმა კვლევითმა სააგენტოებმა კიდევ ერთი ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყეს. მათ დედამიწის ორბიტაზე ახალი სატელიტი NISAR-ი გაუშვეს. თანამგზავრი, რომლის მიზანიც პლანეტის ზედაპირის დაკვირვება იქნება, ორივე ქვეყნის სიხშირული რადარებითაა აღჭურვილი. როგორც სააგენტოები აცხადებენ, ახალ სატელიტს დედამიწაზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებების დაკვირვება სანტიმეტრის სიზუსტით შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ NISAR-ზე მუშაობა 10 წელზე მეტი გრძელდებოდა და პროექტის საერთო ღირებულებამ $1.5 მილიარდს გადააჭარბა. თანამგზავრი დედამიწის ზედაპირს, მათ შორის, ყინულით დაფარულ ნაწილებს ყოველ 12 დღეში ერთხელ დააკვირდება და ცვლილებების შესახებ მონაცემებს სააგენტოებს გაუგზავნის. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მოსალოდნელი ბუნებრივი კატაკლიზმების უკეთ პროგნოზირება.




























