ამერიკის მარეგულირებელმა ორგანომ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი Wells Fargo უკანონო პრაქტიკის გავრცელებაში დაადანაშაულა. ბანკი უკანონო ანგარიშების გახსნისთვის 185 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბანკის წარმომადგენლები 2 მილიონზე მეტ საკრედიტო ბარათსა და ანგარიშებზე, მომხმარებლებს ხელს უკანონოდ აწერინებდნენ.
"თანამშრომლები, კლიენტის შესწავლის გარეშე, სადებეტო ბარათებს გასცემდნენ და ყალბ ელ-ფოსტებს ქმნიდნენ, რათა რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს ონლაინ-საბანკო მომსახურება მიეღო“,- განაცხადა მარეგულირებელმა.
Wells Fargo-მ 2011 წლიდან საკუთარი გაყიდვების პრაქტიკის შესასწავლად დამოუკიდებელი კვლევა აწარმოა და რამდენიმე დისციპლინარული აქტიც განახორციელა. ბანკმა თანამდებობებიდან ის მენეჯერები და გუნდის წევრები, რომლებიც სამსახურის ღირებულებებს არ იზიარებდნენ, დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

























