ამერიკელმა კონგრესმენებმა ტედ პომ და გეინ გრინმა კონგრესში ოპერატიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ადასტურებს საქართველოს მიმართ. კონგრესმენებმა თავის გამოსვლაში აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, თუმცა ამერიკული კომპანიები შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყანაში კორუფციისა და ბიუროკრატიის ნიშნების გამო.
„ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და რეგიონში დემოკრატიისა და თავისუფლების მოდელი გახდა“, - განაცხადა პომ.
„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მხარდამჭერი და მოკავშირეა. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას საფუძვლად საერთო ღირებულებები უდევს. წლების განმავლობაში მხარს ვუჭერდი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ამისთვის საუკეთესო გზა ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებაა.
ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკული კომპანიების მხრიდან გამოითქვა შეშფოთება საქართველოს ბიზნეს გარემოსთან მიმართებით, რომელიც ეხება ბიუროკრატიას და კორუფციას. ჩემი როგორც საქართველოს მეგობრის და კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი მეგობარი ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარის მოვალეობაა რომ არამხოლოდ ქვეყნის პროგრესი, არამედ ის საკითხებიც წარმოვაჩინო, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვისაა საჭირო“ - განაცხადა პომ.
„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ბოლო წლებში შთამბეჭდავია“, - განაცხადა ჯინ გრინმა. ვიმედოვნებ, რომ კანონის უზენაესობა Frontera Resources-ის მიმართებით დაცული იქნება და ორივე ქვეყანას შორის ურთიერთობა დარჩება ძლიერი და სარგებლის მომტანი“. - ამბობს კონგრესმენი.

























