ამერიკულმა სპორტულმა გამოცემა Sportico-მ ყველაზე შემოსავლიანი მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ამერიკულ სპორტის სახეობებში არიან დასაქმებულნი. სიაში ყველაზე მეტი 15 მწვრთნელი ამერიკული საკოლეჯო დონის ფეხბურთიდანაა წარმოდგენილი, შემდეგ 12 მწვრთნელით მოდის პროფესიონალური ამერიკული ფეხბურთი, 7 მწვრთნელი NBA-იდან, 2 საკოლეჯო კალათბურთიდან და ერთიც ბეისბოლიდან.
სიას სათავეში უდგას ამერიკული ფეხბურთის გუნდ “ნიუ ინგლენდ პატრიოტსის” მწვრთნელი ბილ ბელიჩიკი, რომელიც წლიურად 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 6 გზის ჩემპიონმა, 71 წლის მწვრთნელმა ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი და გუნდს კიდევ ერთი წლით უხელმძღვანელებს, რათა კარიერაში სუპერბოულის მოგება უკანასკნელად შეძლოს.
ბელიჩეკის შემდეგ მეორე პოზიციას იკავებს მოქმედი ჩემპიონი “დენვერ ბრონკოსის” ახალი მწვრთნელი შონ პეიტონი, რომელსაც 2009 წლის შემდეგ სუპერბოული არ მოუგია, თუმცა ამის გაკეთებას ახალ კლუბში შეეცდება.
სამეულს კი ხურავს NBA-ის ლეგენდარული მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი, რომელიც უკვე ერთ დეკადაზე მეტი ხანია, რაც ლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მწვრთნელის ტიტულს არავის უთმობს. უკვე 27 წელია, რაც პოპოვიჩი “სან-ანტონიო სპურსს” უდგას სათავეში და ამ დროში 5-ჯერ შეძლო ჩემპიონობის მოპოვება. 74 წლის გრეგმა წელს გააფორმა ახალი, 5 წლიანი კონტრაქტი “სპურსთან”, რომლის მიხედვითაც წელიწადში 16 მილიონ დოლარს მიიღებს.
სიაში ყველა მწვრთნელი მოქმედია, უბრალოდ გათვალისწინებული არ არის ევროპული ფეხბურთი, რადგანაც ამერიკული სპორტის სახეობა არ არის. თუ ევროპულ ფეხბურთსაც გავითვალისწინებთ, ათეულში აუცილებლად მოხვდებოდნენ “ატლეტიკო მადრიდის” დიეგო სიმეონე (30 მლნ ევრო) და “მანჩესტერ სიტის” პეპ გვარდიოლა (22 მლნ ევრო).