მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული უმსხვილესი ბანკის Wells Fargo-ს ქართველი ვიცე-პრეზიდენტი - "ინვესტიციები ეკონომიკის ყველაზე დიდი გამოწვევაა"

58ea7865ee72f
ნინო კვინტრაძე
09.04.17 22:05
5990
მსოფლიოში ბაზრის კაპიტალიზაციით ნომერ მეორე, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტივების მიხედვით უსხვილეს ბანკს Wells Fargo-ს ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ საბანკო გიგანტი, რომელიც უკვე წლებია ამერიკულ უმსხვილეს საბანკო ოთხეულში (JPMorgan Chase, Bank of America, Wells Fargo, Citigroup) საპატიო ადგილს იკავებს. საბანკო ჯგუფის ბრენდის ღირებულება 30 მილიარდ დოლარს აღემატება. მისი მაიამის ოფისის ვიცე-პრეიზდენტი კი ქართველი გიორგი აქირთავაა.

გიორგი აქირთავას ამერიკული ოცნება ზუსტად 17 წლის წინ დაიწყო, როდესაც ამერიკაში სასწავლებლად წავიდა. როგორც თავად ამბობს ამერიკის უმსხვილეს ბანკში მოხვედრა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, პირველ გამოწვევად კი მაგისტრატურაზე ამერიკის ტულენის უნივერსიტეტში ჩაბარებას ასახელებს.

"როდესაც ამერიკაში ჩავედი, ინგლისურად ვერ ვლაპარაკობდი, ბევრი წვალება მომიწია გზის გასაკვალად. პირველი სამსახური კომპიუტერის ლაბში მუშაობა იყო, სადაც როგორც სტუდენტს კვირაში მხოლოდ 20 საათით მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. ამან მომცა საშუალება გავცნებოდი ამერიკული მუშაობის სტილს“.

გიორგი აქირთავას რეზუმეში ამერიკის კიდევ ერთ უმსხვილეს ბანკში J.P. Morgan Private Bank-ში მუშაობის გამოცდილებასაც ვკითხულობთ. ორივე საფინანსო ინსტიტუტში ის სპეციალიზირებული განხრით, Wells management private banking-ის მიმართულებით მუშაობდა. აღნიშნული სფერო რომ საქართველოში ჯერ განვითარებული არაა ამას ჩვენი რესპიდენტიც ამბობს. ქვეყანაში სიმდიდრის შესაქმნელად ის მთავარ გასაღებად ინვესტიციებს ასახელებს. ინვესტიციების მოსაზიდად კი ქართველი და პოტენციური უცხოელი ინვესტორების ერთმანეთთან დაკავშირებას. თუმცა, საბანკო სექტორამდე, გიორგი აქირთავას პირველ საქმიანობას უძრავი ქონების სფერო წარმოადგენდა. ბიზნესის ინსპირაცია ნიუ-ორლეანში მომხდარი ქარიშხალი გახდა, რომელმაც შტატში არაერთი სახლი გაანადგურა.

„მაიამიში გადასვლამდე ნიუ-ორლეანში ვცხოვრობდი. ქარიშხალმა ნახევარი ქალაქი გაანადგურა. მაშინ ბაკალავრის საფეხური ახალი დამთავრებული მქონდა. ჩემ ძმასთან და მეგობართან ერთად დავიწყეთ ბიზნესი, რომელიც სახლების აშენებას და გარემონტებას მოიცავდა. ამ სფეროში საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ“.

როგორ უნდა გახდეს ქვეყნის მოსახლეობა მაღალშემოსავლიანი, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი, საბანკო სფერო და შემცირდეს უმუშევრობა, - გიორგი აქირთავას ყველა კითხვაზე ერთი პასუხი აქვს:

"ინვესტიციები - ინვესტიციები ეკონომიკის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ მაღალი დონის სერვისები ჩამოაყალიბოს. Wells management მდიდარი ხალხის ქონების მართვის შესაძებლობაა, რაც განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია, თუმცა საქართველოს ბაზარზე არც ისე დახვეწილია, თუმცა იხვეწება. ინვესტორებმა უნდა იცოდნენ თუ სადაა საქართველო , რას წარმოადგენს ის და როგორი ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში“.

გიორგი აქირთავა ჩვენთან საუბარში საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორსაც აფასებს. მისი განცხადებით, სექტორი განვითარებულია, თუმცა არა სათანადო დონეზე.

„ვფიქრობ, სავაჭრო ბირჟის განვითარება ერთ-ერთი დიდი პლიუსია. როგორც ვიცი, საქართველოში ამ საკითხზე რამდენიმე კომპანია მუშაობს. მე ვფიქრობ. საბანკო სექტორი საქართველოში საკმაოდ ძლიერია, ასევე მიკროსაფინანსო სექტორიც. ბოლო წლებში ძვრები ნამდვილად არის და ის უნდა გაგრძელდეს, საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურების სათანადო ხელშეწყობაც".

გიორგი აქირთავა ამბობს რომ ამერიკაში საქართველოს შესახებ სათანადო ინფორმაცია არ აქვთ, მედია-საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია კი ქვეყნის სტაბილურ იმიჯს აზარალებს. შესაბამისად, გიორგი აქირთავა ამბობს, რომ ამერიკელი ინვესტორებისთვის საქართველოში თანხის დაბანდება გარკვეულ რისკთან და შიშთანაა დაკავშირებული. გამოსავლად ის სწორ მარკეტინგულ და საინფორმაციო კამპანიებს ასახელებს.

„ამერიკელისთვის საქართველო მაინც ძალინ დიდ რისკს შეიცავს, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის ვისაც რეგიონზე ბევრი ინფორმაცია არ აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს სტაბილურ იმიჯს არ უქმნის. მარკეტინგია ყველაფერი რაც საქართველოს მიმართულებით კაპიტალს დაძრავს. ამერიკის ადმინისტრაცია ძალიან დიდი ინტერესით უყურებს საქართველოს. ურთიერთობა ამერიკა-საქართველოს შორის ძლიერია და ყოველდღურად ძლიერდება“.

კითხვაზე აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას, გიორგი აქირთავას პირდაპირი პასუხის გაცემა უჭირს და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც საქართველო დატოვა, ამის ერთ-ერთი მიზეზი სრულყოფილი განათლების მიღება იყო, რისი საშუალებაც მაშინდელ საქართველოში ნაკლებად მოიძებნებოდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები