ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის თანახმადაც კატარზე თავდასხმა შტატებზე თავდასხმას გაუთანაბრდება და აუცილებელ რეაგირებას გამოიწვევს. ტრამპის განმარტებით, საპასუხო ზომები დიპლომატიურ, ეკონომიკურ და, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო რეაგირებასაც კი ითვალისწინებს.
პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ისრაელის მიერ დედაქალაქ დოჰაზე სამხედრო იერიშის მიტანისა და ჰამასის წარმომადგენლების, ასევე კატარის უსაფრთხოების სამსახურის 1 ოფიცრის განადგურების შემდეგ მიიღო. თეთრ სახლში გამართული ღონისძიებისას ტრამპმა განაცხადა, რომ ამიერიდან კატარზე თავდასხმა შტატების უსაფრთხოებაზე შეტევად შეფასდება და უპასუხოდ აღარ დარჩება. აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელ დადგენილებას ხელი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისა და კატარის ლიდერებთან სატელეფონო ზარის განხორციელების შემდეგ მოეწერა.
კატარის მთავრობამ ტრამპის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ამერიკის მიერ თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების კუთხით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ შტატების კონკრეტული სამოქმედო სტრატეგია გასაჯაროებული არ არის, შესაბამისად, უცნობია, რამდენად ყოვლისმომცველია ტრამპის დადგენილება და რა შემთხვევაში ჩაერთვება ამერიკული არმია რეაგირების პროცესში. ცნობისთვის, ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ სენატის მიერ საკითხის განხილვა და დასტური არ უძღოდა, რაც პრეზიდენტის კრიტიკოსების შეფასებით, საშიშ პრეცედენტს ქმნის და აჩენს საფრთხეს, რომ ტრამპი ამერიკული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს მომავალშიც ერთპიროვნულად მიიღებს.




























