დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებული ყველა რეკომენდაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.
„რადგან ბათუმში დაფიქსირდა პატარა ეპიდაფეტთქება, არის ბევრი საუბარი იმაზე, რომ გაძლიერდება რეგულაცია და ბათუმი ჩაიკეტება - ახლა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იყო და არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება, ერთადერთი ისაა, რომ ბათუმში გაფართოებული ტესტირება დაიწყება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.



























