დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს ორი რეკომენდაცია-თხოვნით მიმართავს. ამირან გამყრელიძემ გზავნილები მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერა.
„პირველი გზავნილია, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ პირბადის ტარების გაინტენსივებას; ტენდენცია გვაქვს ძალიან კარგი, მაგრამ სასურველია, მაჩვენებელი გახდეს 95%-იანი, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირების მაჩვენებელს. გთხოვთ, ატარეთ პირბადე სწორად. მეორე გზავნილი - ყველა შემზღუდავ ღონისძიებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოება. ამჟამად, ჩვენი სამიზნეა დღიურად 20 ათასი ტესტის გაკეთება და თუ ეს შევძელით, მაშინ ახალი სამიზნე იქნება კიდევ უფრო გაფართოება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ის მოქალაქეებს მოუწოდებს, მივიდნენ კოვიდ-ცენტრებში და აიღონ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, რომლის პასუხი 20 წუთშია. „ისარგებლეთ ამ შემოთავაზებით, 150-ზე მეტ ადგილას არის ხელმისაწვდომი ტესტირება. ეს არის უფასო. თუკი გაქვთ სიმპტომი, მიდით ე.წ. თვითდინებით კოვიდ-ცენტრებში და ჩაიტარეთ ტესტები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, NCDC-ს ხელმძღვანელმა ისაუბრა საპილოტე პროექტზე, რომელიც ამჟამად კახეთში მიმდინარეობს.
„ბინაზე მკურნალობის ძალიან კარგი საპილოტე პროგრამა მიმდინარეობს კახეთში, ჩვენი კოლეგისდავით მრელაშვილის მიერ. ის ატარებს ძალიან კარგ სამუშაოებს და ონლაინ მართავს თავისი რეზიდენტებით და უმცროსი ექიმებით 1300-მდე ადამიანს. ამას ეძლევა ძალიან პოზიტიური შეფასება“, - აღნიშნა მან.



























