რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები მორიგ საპროტესტო აქციას კვირას, 11 თებერვალს აანონსებენ. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, აქცია 12:00 საათზე დაიწყება.
„გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო! მობრძანდით კვირას, 11 თებერვალს, 12:00 საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ცენტრალურ შესასვლელთან“, - აღნიშნულია ექიმების განცხადებაში.
როგორც bm.ge-ს კლინიკის თანამშრომელმა, ქირურგმა გიორგი კოპაძემ განუცხადა, მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი რესპუბლიკურის დანგრევის და მუშაობის შეჩერების გეგმას აპროტესტებენ.
„მოთხოვნები უცვლელია. მიმართვა იქნება ახალი პრემიერ-მინისტრისადმი და ვაპირებთ საჩივრის შეტანას სასამართლოში მთავრობის დადგენილების გასაუქმებლად“, - განაცხადა გიორგი კოპაძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რესპუბლიკურის ექიმები მუშაობას აგრძელებენ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია და საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა, კერძოდ, კლინიკის პერსონალისთვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად, დრო 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება.