მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამხელა ბიუროკრატია საქართველოს არაფერში სჭირდება... ბევრია გასაშვები“ - ზურა ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძე

კოალიციას „ცვლილებისთვის“ სტანდარტული წინასაარჩევნო პროგრამა გამოქვეყნებული არ აქვს და არც აპირებს, მაგრამ პოლიტიკურ ჯგუფში შემავალ პარტიებს („ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“) შორის შეჯერებულ ეკონომიკურ ხედვებზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ისაუბრა.

მცირე მთავრობა და ბიუროკრატიის შემცირება ერთ-ერთი მიმართულებაა, რაზედაც პოლიტიკოსის თქმით, კოალიციაში შემავალი პარტიები თანხმდებიან.

ზურა ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ მათი ინიციატივა კოალიციურ ხელისუფლებაში მხარდაჭერას მოიპოვებს.

მისივე თქმით, „მცირე მთავრობა“ ქვეყანაში კორუფციის რისკების შემცირების გზაც არის.

- ჩემი აზრით, ამხელა ბიუროკრატია საქართველოს არაფერში სჭირდება - ხალხის დიდი რაოდენობა არის გასაშვები. იქნება ეს სამინისტროებში თუ ადგილობრივი თვითმმართველობებში ან ააიპებ-სა და სსიპებ-ში დასაქმებულები, რომლებზეც ბიუჯეტის ფული იხარჯება. {საბიუჯეტო ორგანიზაციებში} ადამიანები უბრალოდ იმიტომ ჰყავთ დასაქმებულები, რომ მათ არჩევნებზე ხმები მოიტანონ. განსაკუთრებით ბოლო წლებში დაასაქმეს ათიათასობით ადამიანი ე.წ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე... ეს იცის ყველამ, ხალხი თვითონ გვესაუბრება, როდესაც რეგიონებში ჩავდივართ - მაგალითად, ჭიათურაში ვიყავით და გვითხრეს, სასაფლაოზე 120 კაცია დასაქმებული და მაგდენი საფლავიც არააო. ასეთი სამუშაო ადგილების შექმნის გამო, 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ადამიანები დაიჭირეს.

- ბიუროკრატიის შემცირება - ადამიანების საჯარო სამსახურებიდან გაშვება ვერ იქნება პოპულარული ნაბიჯი. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გეყოფათ პოლიტიკური გამბედაობა?

- გააჩნია რისი გაკეთება გინდა - თუ ხელისუფლებაში იმიტომ მოდიხარ, რომ მერე დიდხანს დარჩე, ცხადია, პოპულიზმისკენ მიდიხარ... ჩემი მიზანი ეს არ არის, ამიტომ მთავარი კითხვაა - რისთვის მოდიხარ ხელისუფლებაში? - ძალაუფლება გისწორდება და დიდხანს გინდა იყო თუ გინდა, რაღაც რეფორმები გაატარო, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ჩვენ გვჭირდება სწრაფი ტემპით განვითარება, ეკონომიკის ზრდა, მათ შორის იმისთვის, რომ 5-6 წელიწადში ევროკავშირში შევიდეთ.

- თუმცა პარლამენტში მოგიწვეთ სხვა პოლიტიკური ჯგუფების დარწმუნებაც....

- დიახ, საჭირო იქნება კონსენსუსი; სხვა შემთხვევაში, ამას ვერ გავიტანთ, თუმცა გაკეთებადი არის; უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ქვეყანა ღარიბია და ცოტა ადამიანი ქმნის დოვლათს, რომლის 1/3 მიაქვს მთავრობას და ხარჯავს ვიღაცების ხელფასში, რომლებიც შეიძლება ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებს, ეს არა მხოლოდ ამორალურია და უსამართლოა, როდესაც ადამიანები გაჭირვებაში არიან, არამედ აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. კვლევებითაც დათვლილია, რომ რაც უფრო ნაკლებ ფულს იღებს ეკონომიკიდან მთავრობა და ნაკლებს ხარჯავს, მნიშვნელობა არ აქვს, რაში ხარჯავს, მით უფრო სწრაფად მდიდრდება ქვეყანა; მეორე მხრივ, რაც უფრო მეტს დახარჯავს, გარდა იმისა, რომ ადამიანების თავისუფლებას ზღუდავს, მეტი ფული გაიფლანგება და მეტი ფული მოიპარება. ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას კორუფციის დამარცხება წარმოუდგენია უკეთესი პროკურატურით, უფრო მეტი ადამიანის დაჭერით და ა.შ. სინამდვილეში ეს ყველაფერი დადის იქამდე, რომ ცოტა ფულს თუ დავუტოვებთ მთავრობას დასახარჯავად, კორუფციის რისკიც შემცირდება - როდის არის უფრო მეტი ფულის მოპარვის რისკი - როცა მთავრობა 29 მილიარდს ხარჯავს თუ როცა 19 მილიარდი აქვს?! რა თქმა უნდა, 19 მილიარდიდან უფრო ნაკლები გაიფლანგება და ნაკლებიც მოიპარება. შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლის გზაც არის, რომ მთავრობამ ნაკლები ფული ხარჯოს.

- ყველაზე მთავარია, შეძლოთ სხვა პოლიტიკური ჯგუფების დარწმუნება...

- შევძლებთ.. ოპტიმისტურად იმიტომ ვარ განწყობილი, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ალტერნატიული იდეები არ არსებობს, როგორ შეიძლება ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარება...

- არის კიდევ ერთი მომენტი - „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერმა პარტიებმა ვალდებულება აიღეთ, რომ ორ წელიწადში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და შესაბამისად, ამომრჩეველთა ხმები მნიშვნელოვანია...

- მე ის ხალხი ხმებს მაინც არასოდეს მომცემს... ეს ხალხი ახლაც „ოცნებას“ აძლევს ხმას და მერეც რომელიმე მსგავსი პარტიის ამომრჩევლები იქნებიან, ვინც უსაქმურად დასაქმებას დაჰპირდება. ამდენად, თუ მართლა რეფორმებზე ხარ ორიენტირებული მოქალაქეების იმ ჯგუფზე გათვლა არც უნდა გქონდეს. მათ საკუთარი თავი კერძო სექტორში უნდა იპოვონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები