ამბროლაურში მდინარე კრიხულას მიმდებარე ტერიტორიაზე ბულვარის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე დაწყებულია. როგორც მხეიძე აცხადებს, რაჭაში წელს ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. ერთ-ერთი ადგილობრივი ჰოსტელის ინფორმაციით, რაჭას წელს ისეთი ქვეყნებიდან სტუმრობენ როგორებიცაა ავსტრალია, ისრაელი, გერმანია, საფრანგეთი და იტალია. იმის გათვლისწინებით, რომ ამბროლაურში არ არსებობს კეთილმოწყობილი კაფეები, სადაც ტურისტები დროის გატარებას შეძლებენ, როგორც მერიაში აცხადებენ, ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა.
“წელს იხარჯება 700 000 ლარი ბულვარის მშენებლობაზე, ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და მომავალ წელსაც გაგრძელდება ეს პროექტი. შესაბამისად, ვგეგმავთ 800 000 ლარის დახარჯვას. მდინარე კრიხულის პირას ხდება ეს ყველაფერი, ახლა მიმდინარეობს დამცავი ბეტონის ჯებირის გაკეთება შესაბამისად გამოთავისუფლდება ადგილი. ბულვარის მოსაწყობად კიდევ დამატებით დაგვჭირდება 500 000 ლარი ანუ ჯამში გამოდის 2 მილიონი.”
უკვე დაწყებულია სოფელ ნიკორწმინდისა და ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებიც, რომელშიც საერთო ჯამში 2 400 000 ლარი დაიხარჯება.
„ტაძრის რეაბილიტაციაზე დაახლოებით მილიონ ლარამდე იხარჯება, შესაბამისად 2 400 000 ლარი ტაძრამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიოტორიის რებილიტაციისა და კეთილმოწყობისთვის დაიხარჯება, რაც, რა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარებას ხელს შეიყობს.”