HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
,, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გურამ ჯალაღონიამ 2018 წლის 28 სექტემბერს უარი უთხრა "AMS Airlines” საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემაზე, რასაც ის ოფიციალური წერილით გვიდასტურებს. თუმცა მიუხედავად ამისა, აღნიშნული ავიაკომპანიის ოთხი საჰაერო ხომალდი საქართველოს ფარგლებს გარეთ კომერციული ფრენების შერულებას აგრძელებს“ - წერს ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და იქვე სააგენტოს ოფიციალურ წერილს აქვეყნებს.
როგორც ვასო ურუშაძე განმარტავს, სააგენტოს ხელმძღვანელობა არ ატარებს კანონით მინიჭებულ სავალდებულო ღონისძიებებს, არ აჩერებს ავიაკომპანია "AMS Airlines” ოპერირებას ქართულ ავიაბაზარზე, რითაც საავიაციო კანონმდებლობის უხეში დარღვევა ხდება. მისივე თქმით, ნებისმიერ ქართულ ავიაკომპანიას, რომელიც კომერციულ საქმიანობას ეწევა, უნდა გააჩნდეს გადაყვანა-გადაზიდვის ოპერირების მოწმობა, რომელიც აღნიშნულ ავიაკომპანიას არ გააჩნია. ავიაკომპანიისთვის კომერციულ საქმიანობად ითვლება, მგზავრების, საფოსტო გზავნილების და ტვირთის გადაზიდვა, იქნება ეს რეგურალური, თუ ჩარტერული რეისები.
ურუშაძე განმარტავს, რომ ავიაკომპანიის მიერ საჰაერო ხომალდების იჯარით გაცემა და გაქირავება არის ავიაკომპანიის შემოსავლის წყარო, რაც ასევე ითვლება კომერციულ საქმიანობად და ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ავიაკომპანიის მიერ თვითმფრინავების გაცემა არ წარმოადგენს კომერციულ საქმიანობას, „არაფერია, თუ არა თავის მართლება და დეზინფორმაცია“.
„ანუ საქმე რასთან გვაქვს? ეგრედ წოდებული ქართული ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდების მფლობელები, ვინც რეალურად მართავენ ამ თვითმფრინავებს, არ ემორჩილებიან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებას? უკვე ბანანის რესპუბლიკად გადავიქეცით? იქნებ ვინმე დაინტერესდეს ამ საკითხის გარკვევით, უკვე ამოუხსნელია მათი ქმედებები„ - აცხადებს ურუშაძე.
როგორც ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“ Bm.ge-ს განუცხადეს, ინფორმაცია რასაც ვასო ურუშაძე ავრცელებს არ შეესაბამება სინამდვილეს და "AMS Airlines” -ს აქვს ყველა შესაბამისი ნებართვა, რის საფუძველზეც ის თვითმფრინავებს იჯარით გასცემს. გათავაზობთ ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ განცხადებას, რომელიც Bm.ge-ს მოაწოდეს:
,, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ავიაკომპანია "AMS Airlines” -ს უარი ეთქვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემაზე. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, უწყებამ დაადგინა, რომ ავიაკომპანია არ აკმაყოფილებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
რაც შეეხება გაჟღერებულ შეკითხვას, თუ როგორ ახორციელებს “AMS Airlines”-ი ფრენებს გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გარეშე, განვმარტავთ, რომ ავიაკომპანია ფლობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს და კანონმდებლობის სრული დაცვით, ამ ეტაპზე კუთვნილი ხუთი საჰაერო ხომალდიდან ოთხი ხომალდი იჯარით აქვს გადაცემული სხვა ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებს “AMS Airlines”-ის ხომალდებით და ეკიპაჟით. ავიაკომპანიის ერთი საჰაერო ხომალდი, რომლითაც იგი კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებს ახორციელებდა 28 სექტემბრიდან გაჩერებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შესაბამისად, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შემდეგ, ავიაკომპანიას ამ საჰაერო ხომალდით ფრენები არ განუხორციელებია“ - წერია ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ განცხადებაში.
Bm.ge და "AMS Airlines”-საც დაუკავშირდა, როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელი მირიან სარიშვილი აცხადებს, კუთვნილი ოთხი საჰაერო ხომალდი იჯარით აქვთ გაცემული და მათი საშუალებით კომერციულ საქმიანობას არ ეწევიან.
,,ეს ბორტი რომელიც ჩვენი სახელით დაფრინავდა გავაჩერეთ და ის თბილისის აეროპორტშია, დანარჩენი ოთხი ბორტი კი გავაქირავეთ. "AMS Airlines” საჰაერო ხომალდების ექსლუატაციას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით ახორციელებს“ – აცხადებს მირიან სარიშვილი.

























