„AMS Airlines”-ი ეხმაურება BUSINESS MEDIA GEORGIA-ს ვებ-გვერდზე ააიპ „ჰაბი-საქართველო“-ს (HUB Georgia) გამგეობის თავჯდომარის ვასო ურუშაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ AMS AIRLINES-ის საქმეზე „ავიაციის სააგენტოს“ წინააღმდეგ სასმართლოსთვის მიმართვას აპირებს თავად Hub Georgia-ც. ვასო ურუშაძე ამბობდა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გურამ ჯალაღონიამ 2018 წლის 28 სექტემბერს უარი უთხრა "AMS Airlines” საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემაზე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განცხადების თანახმად, სატვირთო ავიაკომპანია „AMS Airlines”-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის AOC (AIR Operator Certificate) მოქმედების ვადა 2019 წლის 28 სექტემბრამდე გაუგრძელდა, - ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, „სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისიის მიერ, ავიაკომპანია „AMS Airlines”-სთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2018 წლის 24 სექტემბერს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ავიაკომპანია “AMS Airlines”-ი ფლობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს და კანონმდებლობის სრული დაცვით, ამ ეტაპზე მისი კუთვნილი ხუთი საჰაერო ხომალდიდან ოთხი ხომალდი იჯარით აქვს გადაცემული სხვა ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებს “AMS Airlines”-ის ხომალდებით და ეკიპაჟით.
„ავიაკომპანიის ერთი საჰაერო ხომალდი, რომლითაც იგი კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებს ახორციელებდა 28 სექტემბრიდან გაჩერებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შესაბამისად, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შემდეგ, ავიაკომპანიას ამ საჰაერო ხომალდით ფრენები არ განუხორციელებია.
HUB Georgia-ს მიერ, მიზანმიმართულად ხდება სააგენტოს მიერ გაცემული ორი სხვადასხვა დოკუმენტით – საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიკატით და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების ერთმანეთში აღრევა და საზოგადოებისთვის იმის წარმოჩენა, რომ თითქოს ავიაკომპანია არღვევს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, - განმარტავენ კომპანიაში და დასძენენ, რომ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების უარყოფის მიზნით ავიაკომპანია “AMS Airlines” სარჩელით მიმართავს სასამართლოს HUB Georgia-ს წინააღმდეგ.

























