ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს, წლებია, ქართველი მომხმარებელი ყველის ფესტივალებით და მასშატაბური დეგუსტციებით იცნობს. მისი კონსულტაციით და უშუალო მონაწილეობით ქვეყანაში არაერთი ნიშური მაღაზია და სასაწარმო ამუშავდა; ახლა კი, თავად აპირებს, დამოუკიდებლად, შვილებთან ერთად, სრულიად ახალი და განსკუთრებული შემოთავაზებით გამოვიდეს ბაზარზე.
„ინდუსტრიულ ყველს თავისი ნიშა აქვს და ის მომხმარებელთა ფართო მასებსა და კატეგორიებზეა გათვლილი; ნიშურ ყველს ანუ ხელით შესრულებულ ე.წ. არტიზანულ - საოჯახო, მცირე ზომის საწარმოებში მომზადებულ რძის პროდუქტებს კი, თავისი მომხმარებელი ელოდება. ეს იქნება მივიწყებული და აღდგენილი რძის პროდუქტების ნაირსახეობა... ტურისტული ატრაქციები... მასტეკლასები და საჯარო ლექციები მცირე ზომის საოჯახო საყველიეში.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „ანა და შვილების“ კონცეფცია წარმატებული იქნება, ეს კიდევ ერთ წამოწყებას დაუდებს სათავეს და დინასტიური წარმოების წინაპირობა გახდება. მეღვინეობისგან განსხვავებით, ქართულ მეყველობას, სამწუხაროდ, დინასტიები დღემდე არ ყოლია“ , - განუცხადა Bm.ge-ის ანა მიქაძემ.
მისივე განმარტებით, საოჯახო საყველიე გურმანებს ოთხივე კატეგორიის ყველს შესთავაზებს, რაც გულისხმობს - რბილი იგივე ჩვილი ყველის, მოქერქებული - ანუ სამთვიანი დავარგების, კრემისებრი და ობიანი ყველების კატეგორიებს.
ანა მიქაძე მომხმარებელს საავტორო ყველს - „ბეკაო“ და ჩაროზის ყველეულსაც შესთავაზებს - ყველის კურპატებს, მეგრულ გუდის ყველს. ასევე, საკუთარი პროდუცქიის გარდა, გუდვილის სივრცეში ექსკლუზიურად, მეგობარი ფერმერების ნაწარმსაც წარადგენს - ნარჩვს, ტენილს, კალტს, დამბალხაჭოს, შუშველას და სხვა.
,,ამ ყველს, სხვადასხვა სივრცეებში მომზადებულს, დიდი ხანია იცნობს მომხმარებელი და ტურისტული კომპანიებიც წლებია სიამოვნებით აცნობენ ქვეყნის კულინარიული ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს. საწარმო კვლავაც მიიღებს გაზაფხულიდან, როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებს და მომხმარებლისთვის მასტერკლასებს, დეგუსტაციებს და საჯარო ლექციებს გამართავს“, - ამბობს ანა მიქაძე.
როგორც მეყველე განმარტავს, მის წამოწყებას ცნობილმა რესტორნებმა და სავაჭრო სივრცეებმა უკვე დაუჭირეს მხარი.

























