ჟინი არის ძალა, რომელიც ადამიანს წინსვლის სურვილს არასდროს აკარგვინებს. ეს არის ენერგია, რომელსაც ვერ აჩერებს დაბრკოლება, სირთულე და დრო. ჟინი ნიშნავს დაუოკებელ წადილს, პირველობისთვის ბრძოლას და შეუჩერებელ გზას ახალი მიღწევებისკენ. საქართველოს ბანკი კი ასეთი ადამიანების აღმოჩენას და მათი ისტორიების მხარდაჭერას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
სწორედ ამიტომ, ჟინის კამპანიის ფარგლებში გიყვებით ენერგიულ, მიზანდასახულ და შეუჩერებელ ანა ჯაფარიძეზე. ახალგაზრდა პარასპორტსმენზე, რომლის ჟინიც არა მხოლოდ მას, არამედ მთელ ქვეყანას აძლევს ძალას, არ გაჩერდეს.
პირველი ნაბიჯები დიდ სპორტში
სპორტის, კერძოდ კი პარატაეკვონდოს მიმართ ინტერესი ანას 16 წლის ასაკში გაუჩნდა, მაშინ, როცა უბედური შემთხვევის გამო ხელის ამპუტაცია დასჭირდა. გარდამტეხ მომენტში ახალგაზრდა გოგონა იმაზე მეტად ძლიერი და გამბედავი აღმოჩნდა, ვიდრე თავად წარმოედგინა. თავს დანებების უფლება არ მისცა, მთელი ენერგია, ბრაზი და მოტივაცია გააერთიანა და დაიწყო ყოველდღიური ბრძოლა. ბრძოლა, მწვერვალების დასაპყრობად.
“ჩემი კარიერის დროს, ბევრი სირთულე მქონია. ბევრს ეგონა, რომ აღარ გავაგრძელებდი, მაგრამ არ დავნებდი. ყველაზე რთულ მომენტებში ძალას მაძლევდა ყოველდღიური ვარჯიში, პატარა პროგრესი და ის შეგრძნება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, წინსვლა ყოველთვის შესაძლებელია. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მახსენებდა, რომ დანებება არ ღირს. არ მინდა, ოდესმე ჩემს თავზე ვიფიქრო, რომ მეტი შემეძლო და არ გავაკეთე,” - ამბობს ანა ჯაფარიძე.
ბრინჯაო პარიზში
დაუღალავი ვარჯიშის, თვითდისციპლინისა და მენტალური სიმტკიცის ფონზე, გასულ წელს 19 წლის ანა საქართველოს პარალიმპიურ დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა და 2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. როგორც თავად აღნიშნავს, სპორტულ კარიერაში ყველაზე დიდ მიღწევად სწორედ, პარალიმპიადის ბრინჯაოს თვლის. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოპოვებულ მედლებში ძირითადად ოქრო ჭარბობს, ჟინი მიღწეულს არ სჯერდება.
“ბავშვობიდან მუდმივად მინდოდა საკუთარი თავი გამომეცადა და რაღაც ახალი აღმომეჩინა. თავიდან კონკრეტული მიზნები არ მქონია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ იმდენი რამ მოვიპოვე, რომ ახლა უკვე ძალიან დიდი გეგმები მაქვს. ყოველთვის ჩნდება ახალი მიზანი, ახალი ნაბიჯი წინ. დრო ყოველთვის მიმტკიცებს, რომ განვითარების გზა უსასრულოა,“ - აღნიშნავს ანა.
სამომავლო გეგმები
ანას მთავარი გულშემატკივარი მისი ოჯახია. ადამიანები, რომლებმაც ყველაზე რთულ მომენტებში დააჯერეს, რომ მისთვის გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობდა. სწორედ, დედის სურვილით დაიწყო ახალი ცხოვრება და სპორტული კარიერა, ხოლო მთავარ ქომაგად ბაბუა იქცა, ვისზე ფიქრიც, ყველაზე რთულ მომენტებსაც დაძლევადს ხდის.
ამ მოტივაციისა და დაუღალავი ჟინის წყალობით, ანას გეგმები მხოლოდ პარიზის ბრინჯაოს მედლით არ შემოიფარგლება. მას სურს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი წარმატება მოიპოვოს. ხოლო სპორტში მიღებული გამოცდილება სხვებისთვისაც სასარგებლო გახადოს.
მისი მაგალითი, გამბედაობა და ენერგია სხვა ახალგაზრდებს აძლევს ინსპირაციას, რომ არ გაჩერდნენ, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ და მწვერვალებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიონ. ანას ამბავი გვასწავლის, რომ გამარჯვება მხოლოდ შედეგი არაა. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, განვითარება და რწმენა, რომ ყველაფერი დაძლევადია. რადგან ჟინი არ ცნობს შეზღუდვებს.
უფრო მეტისთვის, იხილეთ ვიდეო.




























