კითხვის მოყვარულები ზაფხულის დადგომას განსაკუთრებით ელოდებიან - ეს არის წელიწადის დრო, როდესაც შესაძლებლობა აქვთ, გადმოიღონ დიდი ხნის განმავლობაში შემონახული წიგნები, რომელთა წაკითხვასაც დიდხანს ელოდნენ.
ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი მოსწავლეებში, კითხვის პოპულარიზაციისთვის და კითხვის მოყვარულთათვის ლიტერატურულ თავგადასავლებში სრულიად ახალი გამოცდილებისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკის ახალი კამპანია – „ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” – დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში ბანკმა უნიკალური დიზაინის წიგნები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც, კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ.
ახალი თავგადასავლების აღმოსაჩენად, „მეგზურებმა“ 10 წიგნი შეარჩიეს და მათში კომენტარები დატოვეს.
რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ წიგნში მკითხველს შესაძლებლობა ექნება, წიგნი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად წაიკითხონ - გაეცნონ იმ ადგილებს, რომლებმაც ისინი დააფიქრა, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა.
7 ხელოვანს შორისაა ანა კორძაია-სამადაშვილიც, რომელმაც კამპანიის ფარგლებში კატია პეტროვსკაიას „ალბათ ესთერი“ შეარჩია.
„არა მგონია, ვინმე ადამიანი იყოს ტოტალურად კმაყოფილი იმ მოცემულობით, რომელსაც სამყარო სთავაზობს. ყოველი წიგნი - ანუ ორ გარეკანს შორის მოთავსებული რაღაც, თავისთავად სამყაროა. შესაბამისად, რაც მეტს წავიკითხავთ, მით მეტ ქვეყანაში მოვხვდებით; მით მეტ მეგობარს შევიძენთ და სულ უფრო მეტის წაკითხვა მოგვინდება. რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ძალიან მაგარი თავშესაფარი“, - ამბობს ანა კორძაია-სამადაშვილი.
კითხვაზე, თუ რა წიგნს ურჩევდა კითხვის მოყვარულებს, ამბობს, რომ ამ საქმის შესრულება საუკეთესოდ მეგობარს შეუძლია.
„ამისთვის არსებობს ძალიან მაგარი ცნება - მეგობარი, რომელიც კარგად გიცნობს და რომელმაც კარად იცის, თუ რა ხდება ახლა შენს თავს. ამიტომ, ჰკითხე მეგობარს, რა წაიკითხოთ. მე შემიძლია მოგცეთ პირობა, რომ ზუსტად იმ წიგნს გირჩევთ, რომელიც საჭირო იქნება დროის მოცემულ მომენტში“.
მათ, ვისაც კითხვის დაწყება სურთ და ჯერ კიდევ შესაბამისი წიგნი ვერ უპოვია, ურჩევს, რომ არ შეუშინდნენ მცდელობებს.
„აქ არჩევანი თქვენზეა. მთავარია, რომ გიხაროდეთ კითხვა და თუ არ გიხარიათ, თუ რამე არ მოგეწონებათ, დაამთავრეთ 30-ე გვერდზე მასთან ურთიერთობა და სცადეთ რაღაც ახალი“, - ამბობს ანა კორძაია-სამადაშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს 2019 წლიდან ახორციელებს. ეს არის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოსწავლეებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით. შედეგად, დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.