საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს საგანგაშოს უწოდებს და ტელევიზიაში შექმნილ ვითარებას მთავრობის მხრიდან მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებს.
"ზუსტად ორი წლის წინ, ამავე პერიოდში, გავიტანე პრეზიდენტის ვეტო საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონზე პარლამენტში. ბევრს გემახსოვრებათ, ოცნებამ საზ.მაუ-ს 50 მილიონი - ბიუჯეტიდან გარანტირებული თანხა ყოველწლიურად! - არ ჰყოფნის და სარეკლამო ბაზრიდანაც უნდა წაიღოს ფულიო!
1. ამით ოცნებამ მცირე ზომის კერძო, მათ შორის - რეგიონულ მაუწყებლებს დაარტყა, რადგან საზმაუ-ს სარეკლამო ბაზრიდან სწორედ მათი წილის წაღებაზე გაუხსნა ხელები და სხვა მაუწყებლები ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა;
2. ცხადი იყო, რომ ოცნება ამას საზ.მაუს გაძლიერების სურვილით არ აკეთებდა. ეს მაშინაც კარგად ვიცოდოთ, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა მხოლოდ დაადასტურა ვეტოს სისწორე (თუმცა რათქმაუნდა - ოცნებამ ის გმირულად დაძლია).
ახლა, როცა ნიღაბი მოიხსნეს და ნაჯახით ანგრევენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს (რომლის მაშინდელი ხელმძღვანელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილებებს კანონში), კიდევ ერთხელ გამახსენდა ვეტოსდროინდელი პერიპეტიები.
მაშინ რომ კანონი შეცვალეს და ეს მორიგი ფარსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით დადგეს ორი წლის წინ, ახლა ოცნების რომელიმე დეპუტატი შემთხვევით ხმა ან ხმალამოღებული ხომ არ გინახავთ მინდინარე ამბებზე: თანამშრომლების დევნასა და სუს-ის პარპაშზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში?,"- საკუთარ Facebook გვერდზე წერს ანა ნაცვლიშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს დუმილით აპროტესტებს და ამბობს, რომ "აჭარის მაუწყებელში სუს-ია".
ერთწუთიანი მდუმარე პროტესტი მაუწყებლის ჟურნალისტებმა, 28 თებერვალს, დღის მთავარი საინფრომაციო გადაცემის მიწურულს პირდაპირ ეთერში გამოხატეს და ახალი მენეჯმენტის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაზე კიდევ ერთხელ მიუთითეს.