პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შუა დერეფანის განვითარების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პანელზე "ევრაზიის ახალი განთიადი?" ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი ალიბეკ კუანტიროვი და თურქული ჰოლდინგის Sabancı-ის CEO ჩენკ ალპერი მონაწილეობდნენ.
ფორუმზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში დაკავშირებადობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტების და მასში სახელმწიფო ინვესტიციების შესახებ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ჩინეთთან ურთიერთობების დაახლოების და მისი სტრატეგიული ურთიერთობების რანგში აყვანის შესახებაც.
“ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების - საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენ მოველით რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება.
ჩვენ მოწოდებული ვართ შუა დერეფანის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანისკენ. ორი წლის წინ ჩვენ ყაზახეთის და აზერბაიჯანის მთავრობასთან ერთად მოვხაზეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი საგზაო რუკა და გვაქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს გზა. ეს მოიცავს პორტების გაფართოებას, რკინიგზის მოდერნიზაციას და აეროპორტების განვითარებას.
მოგახსენებთ უკანასკნელი მაჩვენებლების შესახებ. 2024 წელს გვსურს, რომ დავიწყოთ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მიმდინარეობს, რომელიც წელს დასრულდება. ამის შემდეგ საქართველოს რკინიგზის ტექნიკური გამტარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 48 მილიონი ტონა გახდება. ჩვენ ამასთანავე გვსურს ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება, რადგანაც გვსურს, რომ საქართველოს, როგორც საავიაციო ჰაბის პოზიციონირება მოვახდინოთ.
წელს დავასრულებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობას და სხვა მნიშვნელოვან პროექტებსაც მომდევნო ორ წელში დავასრულებთ.
მსურს, ასევე ვახსენო ჩინეთის ინტერესიც შუა დერეფანის განვითარებისთვის. მქონდა საკმაოდ წარმატებული ვიზიტი ჩინეთში, შევხვდი პრეზიდენტ სი ძინ პინს და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ დონემდე ავიყვანოთ და ვფიქრობთ, ეს ჩართულობა შუა დერეფანის გააქტიურებას ხელს შეუწყობს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.