"შუა დერეფნის" სრული პოტენციალის რეალიზების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა 2040 წლისთვის დამატებით 3.6%-ით გაიზრდება, მნიშვნელოვნად მოიმატებს დასაქმება, ხოლო რეგიონში სავაჭრო ბრუნვა გაოთხმაგდება და ტვირთების გატარების დრო 66%-ით შემცირდება - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა მედიასთან, მსოფლიო ბანკის ახალი ფლაგმანური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ისაუბრა.
თბილისში, რეგიონულ ფორუმზე "შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი", მსოფლიო ბანკის ფლაგმანური ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პუბლიკაცია - "ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ" დერეფნის სავაჭრო ნაკადებს, ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და ლოგისტიკის ეფექტიანობას აფასებს.
როლანდ პრაისმა, მედიასთან საუბარში დერეფნის ეკონომიკურ სარგებელსა და საქართველოს წინაშე არსებულ ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება.
"ეს არის ძალიან საინტერესო, რეგიონული ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს, თუ როგორ შეგვიძლია გვქონდეს მსოფლიო დონის ვაჭრობა და ლოგისტიკა "შუა დერეფნის" მეშვეობით. ანგარიში ცხადყოფს, რომ სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ოთხმაგდება, დერეფანში ტვირთის გატარების დრო 66%-ით შემცირდება, შეიქმნება 2 მილიონი სამუშაო ადგილი და, საბოლოოდ, რეგიონის მშპ საშუალოდ 3.3%-ით გაიზრდება.
კონკრეტულად საქართველოს რაც შეეხება, ჩვენი მოდელირება აჩვენებს, რომ მშპ-ის ზრდამ შესაძლოა 3.6%-ს მიაღწიოს 2040 წლისთვის. ასევე, მოსალოდნელია დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა, ვაჭრობის მოცულობებისა და შესაბამისი საბიუჯეტო შემოსავლების მატება. ვფიქრობ, ეს ნამდვილად გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
კითხვაზე, თუ რა ნაბიჯებია საჭირო ამ შედეგების მისაღწევად, როლანდ პრაისმა ინფრასტრუქტურასთან ერთად პროცესების ინტეგრაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
"პირველ რიგში, საჭიროა ინვესტიციები და მთავრობა უკვე ძალიან არის ამაზე ფოკუსირებული - ეკონომიკის სამინისტროსგან მოისმენდით ანაკლიის პორტის განვითარების გეგმებსა და ფოთის პორტის გაფართოებაზე. თუმცა, უმნიშვნელოვანესი დამატებაა მუშაობა დერეფნის ეფექტიანობაზე. აქ ვგულისხმობთ სრულ ინტეგრაციას: დოკუმენტაციის, საბაჟო პროცედურების, სისტემებისა და საოპერაციო ჯაჭვის ინტეგრაციას. დერეფანი უნდა იყოს ერთიანი და შეუფერხებელი, რათა გახდეს კონკურენტუნარიანი. სწორედ ეს ინსტიტუციური რეფორმები უზრუნველყოფს მეტი ტვირთის მოზიდვას და ქვეყნისთვის გაზრდილ შემოსავალს", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, შომიკ მეჰნდირატამ, ხაზი გაუსვა გეოპოლიტიკურ რეალობას, რამაც დერეფნის როლი რადიკალურად შეცვალა. მან განსაკუთრებით გამოყო საქართველოს სტრატეგიული ფუნქცია როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო კავშირების კუთხით.
"ეს დერეფანი, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ მისწრაფება იყო, გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე რეალობად იქცა. ის გახდა რეგიონული და გლობალური მიწოდების ჯაჭვის სასიცოცხლო ნაწილი, რომელიც ალტერნატიულ, მდგრად მარშრუტს გვთავაზობს. ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი უკვე მშენებლობის პროცესშია და მომდევნო 4-5 წელიწადში ამოქმედდება. ახლა მთავარი ამოცანაა, როგორ გადავიდეთ მხოლოდ ინფრასტრუქტურული გამტარუნარიანობიდან მაღალ საოპერაციო ეფექტიანობაზე, რათა დერეფანი კონკურენტუნარიანი იყოს აღმოსავლეთიდან ევროპისკენ მიმავალი ყველა ტიპის ტვირთნაკადისთვის. ამას სჭირდება ვაჭრობის ხელშეწყობა, კოორდინაცია და რეგიონის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა.
საქართველოს ამ დერეფანში კრიტიკული ფუნქცია აკისრია: ერთი მხრივ, ეს არის შავ ზღვასთან დაკავშირება - საიდანაც ამჟამად ტვირთების უდიდესი ნაწილი გადის, მეორე მხრივ კი - სარკინიგზო კავშირი თურქეთთან, რაც გადამწყვეტია დერეფნის პიკური დატვირთვისთვის.
ორივე მიმართულებით საქართველო სწორ ნაბიჯებს დგამს და ანაკლიის პორტის პროექტიც მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. თუმცა, ინფრასტრუქტურის მიღმა, საქართველოს - როგორც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ეკონომიკას - წამყვანი როლი ეკისრება: იყოს ლიდერი საოპერაციო პარტნიორობაში, ციფრულ დოკუმენტაციასა და პროცედურების გამარტივებაში, რათა დერეფნის ყველა რგოლი ისეთივე ძლიერი გახდეს, როგორსაც საქართველო საკუთარ მონაკვეთს ხდის", - განაცხადა შომიკ მეჰნდირატამ.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, შუა დერეფნის ინსტიტუციური გამართვა და ინფრასტრუქტურული პროექტების (მათ შორის საპორტო და სარკინიგზო ქსელის) დროული განხორციელება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, საბოლოოდ დაიმკვიდროს თავი ევროპა-აზიის დამაკავშირებელ მთავარ ლოგისტიკურ ცენტრად
























