მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლია სითი: რამდენადაც გაიწელება დაფინანსების საკითხი, იმდენად გადაიწევს მშენებლობის დაწყება

5cf8dd741cd40
თათია ჩაფიჩაძე
06.06.19 13:20
909
"პორტების ტვირთბრუნვა ჩვენს პროგნოზზე უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება", - "ანაკლია სითის" ფინანსური დირექტორი გიორგი ჩუგოშვილი 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოს პორტების ტვირთბრუნვის 35%-იან ზრდას აფასებს და აცხადებს, რომ გამტარუნარიანობის ზღვარი საქართველოს შესაძლოა, 2020-2021 წლებზე ადრე დაუდგეს.

"ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ბოლო წლებს განმავლობაში საკმაოდ ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა იყო, რამაც ზრდის ტემპი შეანელა, მაგრამ ახლა მათი ეკონომიკები უკეთესად ფუნქციონირებენ, ნავთობის ფასიც დასტაბილურებულია, შესაბამისად საკონტენერო გადაზიდვები უმჯობესდება.

წელს რაც ფიქსირდება ზრდის ტემპის მიხედვით, ამ ტენდეციებს ველოდით უფრო მომავალი წლიდან, ჩვენ საბაზისო სცენარში გათვლილი გვქონდა 15.4% ზრდა, ახლა კი უკვე 35%-იანი ზრდაა. თუ შეხედავთ ფოთის პორტთან მობილიზებულ გემებს, ვნახავთ, რომ ბევრად ადრე მივაღწევთ იმ წერტილს, რაც არის ჩვენი პორტების გამტარუნარიანობის ზღვარი და ეს არის 2020-2021 წლები", - აცხადებს ჩუგოშვილი.

პოზიტიური ტენდენციების პარალელურად "ანაკლია სითის" ფინანსური დირექტორი იმ მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც შესაძლოა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაგვიანებას მოჰყვეს.

"თუ ჩვენ არ დავახვედრეთ კარგი ინფრასტრუქტურა, ეს ტვირთი გადაინაცვლებს სხვა კოროდორებში. თუ ჩვენ ამას დიდი ხნით გავაკეთებთ, ეს მისცემს საშუალებას სხვა პორტებს განავითარონ ინფრასტრუქტურა და შემდეგ კონკურენცია უფრო რთული იქნება.

მოთხოვნის ზრდას შესაძლებელია, ფასების ზრდა მოყვეს პორტების მხრიდან, რაც მოთხოვნის მხარეს დააბალანსებს, მაგრამ ეს ლოჯისტიკური ჰაბისთვის ცუდი ტენდენცია იქნება. ფასი და სანდოობა ჰაბისთვის უმნიშვნელოვანესია და მისი ცვლილება პოზიტიურად არ აისახება.

ანაკლიაში ახლა სამშენებლოდ თითქმის ყველაფერი გამზადებულია, რამდენიმე კვირა დარჩა, რომ საბოლოოდ გამზადდეს ნიადაგი გენერალური სამშენებლო სამუშაოებისთვის. ჩვენ როგორც კონსორციუმი, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა, მაგრამ მანამდე უნდა იყოს დაფინანსების საკითხი. რამდენადაც გაიწელება დაფინასების საკითხი, იმდენი პერიოდით შეგვიძლია ვივარაუდოთ გადაწევა", - განაცხადა "საქმიანი დილის" ეთერში ჩუგოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები