"ანაკლია სითის" ფინანსური დირექტორის გიორგი ჩუგოშვილის განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლები და გენერალური დირექტორი საზოგადოებას გააცნობენ გეგმებს იმის შესახებ, როგორ აპირებენ მთავრობასთან მუშაობის გაგრძელებას იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც კონსორციუმის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს ეხება. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.
კითხვაზე, როგორ აპირებს კონსორციუმი ტვირთბრუნვის გარანტიებთან დაკავშირებით მთავრობასთან მოალაპარაკებების წარმატებით დასრულებას, ჩუგოშვილი პასუხად აღნიშნავს, რომ ამ დეტალებზე თავად კონსორციუმის გენერალური დირექტორი და დამფუძნებლები ისაუბრებენ.
"ჩვენი შემართება არის ის, რომ პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს, რაც შეიძლება მალე, იმ ტვირთბრუნვის პროგნოზებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. ჩვენ თუ მომენტი ხელიდან გავუშვით, რუსეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე აქტიურად მუშაობს ნოვოროსისკის და ტამანის პორტების განვითარების პროექტებზე. იქ ასე არ ხდება, როგორც საქართველოში, ანუ ეს ასეთი გრძელვადიანი პროცესი არ არის - გამოიყოფა ბიუჯეტი და ხდება სახელმწიფოს ფულით ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მომენტის დაჭერა მათ შეუძლიათ.
ჩვენი, საქართველოს ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი, დაახლოებით $500 მლნ-ია წელიწადში და 600 მლნ დოლარს ერთ პროექტზე ვერ დავხარჯავთ. ამიტომ არის, რომ კერძო სექტორი ჩვენი სახით აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გარედან მოვიზიდოთ ეს თანხა. ამას დრო სჭირდება, ეს არ არის პოლიტიკური ფული, ეს კომერციული ფულია, რაც ყოველთვის უფრო რთულად მოსაზიდია, ვიდრე - პოლიტიკური. ჩვენ ამ საკითხზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

























