მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლია & სტრუქტურული ცვლილებები / სტუმარი: ნიკა ალავიძე

სულ რაღაც 2 დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან გავიგეთ, რომ ქვეყნისთვის ისტორიული პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო და პროცესი უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაცნობისას განაცხადა. ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის ტერიტორიაზე ეს მისი პირველი ვიზიტი იყო.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18-კმ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყება. მისივე თქმით, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მობილიზებულები არიან საერთაშორისო დონის კომპანიები და ექსპერტები.

2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობაზე ბელგიური კომპანია Jan De Nul მუშაობს. Jan De Nul-თან ხელშეკრულების ღირებულების შემცირების მოლოდინი არსებობდა, რის ფონზეც 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, ანაკლიის პორტის სამუშაოების დაფინანსება 100 მილიონი ლარით, 50 მილიონ ლარამდე შემცირდა.

როგორც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათიდან გახდა ცნობილი, 2025 წელს შეიცვალა პორტის საპროექტო დოკუმენტაცია, კერძოდ - შეიცვალა პორტის ტალღმტეხი ნაგებობის სიგრძე და ის 1500 მეტრის ნაცვლად 1370 მეტრი იქნება. ასევე შეიცვალა და მცირედით ჩრდილოეთი წაინაცვლებს პორტის მოსაბრუნებელი ადგილის რადიუსი და ის 300 მეტრის სიგრძის ნაცვლად 271 მეტრი იქნება. მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი პირვანდელი პროექტით 123.5 ჰექტარი უნდა ყოფილიყო და ის 113.1 ჰექტარამდე შემცირდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ, წინასწარი გათვლებით, პორტმა წელიწადში დაახლოებით 600 ათასი TEU (7.8 მილიონი ტონა) გამტარიანობას უნდა მიაღწიოს. ასევე ანაკლიაში ახალი ნავსადგურის ფსკერი არანაკლებს 16 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს.

თუმცა, ანაკლიის პორტის კერძო ინვესტორი ამ დრომდე შერჩეული არაა. 2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმის CCCC დასახელდა.

მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა ამ დრომდე CCCC-სთან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა.

შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა 2025 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-იმ CCCC-სთან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.

მოლოდინები თუ რეალური საქმე – რა შთაბეჭდილებას ტოვებს მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე და როგორ შეიძლება შეფასდეს ერთიანი სურათი, რაც ამ მაგალითის კონტექსტადაც გამოდგება – სტრუქტურული ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში და სახელმწიფო საწარმოებში ცვლილებების გააქტიურება, რკინიგზასთან დაკავშირებული მასშტაბური გეგმებით.

სტუმარი: ნიკა ალავიძე - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრი

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები