ანაკლიაში საზღვაო სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საზღვაო სეზონის გახსნის გასართობი პროგრამისთვის ქართულ მუსიკალურ ჯგუფ „ურსას“ იწვევს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყოფა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, დათო კოდუას მიერ 2026 წლის 18 ივნისს გამოცემული ბრძანების თანახმად, შესყიდვა გამარტივებული საშუალებით, ექსკლუზიური უფლებამოსილებით განხორციელდება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ჯგუფ „ურსას“ წევრები: გიორგი ძოწენიძე, გიორგი გრიგალაშვილი, ლევან ფერაძე, კობა შენგელია და შოთა ქვარცხავა რეგისტრირებულნი არიან ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია „IPOA"-ში (ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია). 2026 წლის 25 მაისს გაცემული შესაბამისი ცნობით დასტურდება, რომ მუსიკალურ ჯგუფს აღნიშნულ პროგრამაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება გააჩნია.
ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა.
ბრძანებით, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს დაევალა, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილებით გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეათანხმოს. უშუალოდ სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ სააგენტოსთან დადგენილი წესით შეთანხმების შემდეგ განხორციელდება.
bm.ge გახსნის თარიღის დასაზუსტებლად მერიას უკვე დაუკავშირდა. მასალა პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.




























