ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიასთან დაკავშირებით ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის.
როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ბევრ საკითხზე პოზიციები უკვე დაახლოვდა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდება.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ყველაფერი მიმდინარეობს გეგმაზომიერად, შეფერხების გარეშე. ყველა დაგეგმილი დედლაინი, დათქმული დრო, სრულდება. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ სამშენებლო კონსორციუმის შესახებ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, მაგალითად, გეოდეზიური სამუშაოები უკვე ჩატარდა და ახლა მიმდინარეობს დაღრმავების სამუშაოები. მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ უნიკალური ტალღმტეხი ავაშენოთ, რომელიც არის მთავარი საზღვაო ინფრასტრუქტურა პორტის მოსაწყობად. ანუ ეს აღარ იქნება პროექტი ნულიდან, ეს არის პროექტი, რომელიც დღითი დღე რწმენას გააჩენს და გააჩენს მოლოდინებს, რომ ეს იქნება წარმატებული პროექტი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინურ კონსორციუმთან.
„რაც შეეხება ჩინურ კონსორციუმთან თანამშრომლობას, ეს არის პარალელური პროცესი. კერძო საინვესტიციო პარტნიორის შერჩევა არის კომპლექსური და ბევრ საკითხს მოიცავს, ყველა ექსპერტი ამბობდა, რომ მოლაპარაკებებს სჭირდება რამდენიმე თვე. დროს არ ვკარგავთ, პორტის ინფრასტრუქტურა იქმნება და პარალელურად ჩინურ კონსორციუმთან დავასრულებთ მოლაპარაკებებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებების შედეგად გვექნება ხარისხიანი პარტნიორობა, სადაც ყველას ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - თქვა მინისტრმა.