მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი": ანაკლიის პორტი ბათუმისა და ფოთის პორტების კონკურენტი იქნება

595a27d1a6ac9
სალომე მეცხვარიშვილი
05.07.17 16:48
1635
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელის ლევან ახვლედიანის განცხადებით, ანაკლიის პორტი გარკვეულწილად ბათუმისა და ფოთის პორტების კონკურენტი იქნება.

"გვჯერა, რომ ანაკლია იქნება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი კორიდორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. ის ტვირთები, რომლებიც დროთა განმავლობაში აკლდებოდა ჩვენს კორიდორს, რამდენიმე პროექტის მეშვეობით - როგორიცაა ანაკლიის, რკინიგზის მოდერნიზაციის, ავტობანის მშენებლობის პროექტი - ჩვენ დავიბრუნებთ კონკურენტუნარიანობას ამ სხვადასხვა კორიდორთან მიმართებაში. ეს ერთ-ორ დღეში არ ხდება, მაგრამ იმედი გვაქვს ოპერირების დაწყებიდან 5-7 წელში შევძლებთ დაკარგული და ახალი ტვირთების მოძიებას ჩვენი კორიდორის გავლით",-აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

კითხვაზე, როგორ აპირებს კონკურენციის გაწევას ანაკლიის პორტი სხვა პორტებთან და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან,რომელიც ტვირთებს მიიზიდავს, ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ ისინი დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგიით აპირებენ ტვირთების მოზიდვას.

"ანაკლიის პირველი ფაზა იქნება საკონტეინერო ტერმინალი. მსოფლიო ტრენდია, რომ ყოველ წელში 5%-ით იზრდება ტვირთების გადაზიდვა კონტეინერების მეშვეობით. გათვლა გვაქვს, ზუსტად ამ ბაზარზე.

გავაკეთეთ როგორც პირველადი, ასევე მეორადი ბაზრის ღრმა ანალიზი. განვიხილეთ ბევრი სხვადასხვა მოლოდინი და გავაკეთეთ დაშვებები იმის მიხედვით თუ რა პროექტები იგეგმება -გავითვალისწინეთ ფოთიც, ბათუმიც, ყარსის რკინიგზაც. გავაკეთეთ ისეთი პროგნოზი, რომელიც მოწონებულია ჩვენი ოპერატორების, ინვესტორის მიერ. ღრმად გვჯერა, რომ ამ პროგნოზს ჩვენი მარკეტინგული სტრატეგიით შევასრულებთ",- აცხადებს ლევან ახვლედიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები