„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი დღეს საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ვიცე პრემიერის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებას ეხმაურება რომლის თანახმად, "ანაკლიის პორტის მშენებელს ფინანსური ხელშეკრულების წარდგენის ვადა გაუხანგრძლივდა".
„საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაასრულეს ანაკლიის პორტის პროექტის დეტალური შესწავლის პროცესი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა საბოლოო შეჯერება დაიწყება 8 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთობლივ შეხვედრაზე.
ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შეჯერების შემდეგ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ პროექტის დაფინანსება მოხდება. დღეისთვის, პროექტში 180 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული“, - აცხადებს ახვლედიანი.
მისივე თქმით, გარდა ამისა, წარმატებით სრულდება მოლაპარაკებები ორ უმსხვილეს საერთაშორისო ბანკთან პროექტის კაპიტალში შემოსვლის თაობაზე, რის შემდეგაც პროექტის პირველი ფაზის დაფინანსება სრულად შეიკვრება.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი ქვეყნის ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია. ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ მის განვითრებაზე და ამ პროცესში ყოველთვის ვგრძნობთ როგორც მთავრობის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის ეროვნულ და გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
ცნობისთვის: საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფარსტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებელს ფინანსური ხელშეკრულების წარდგენის ვადა გაუხანგრძლივდა.
ამის შესახებ მინისტრმა bm.ge-კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დრომდე " ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორებთან და ფინანსური უზრუნველყოფის ხელშეკრულების წარდგენას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.
"კიდევ ერთხელ დავეხმარეთ ინვესტორს და გადავავადეთ ის ვადა, რომელიც იყო გათვალისწინებული ფინანსური ხელშეკრულების უზრუნველყოფისთვის. ამდენად, ჩვენ ახლა ერთობლივად ვმუშაობთ იმაზე, რომ პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიებაში დავეხმაროთ ინვესტორს.
ამ ეტაპზე ინვესტორს ჯერ კიდევ აქვს მოლაპარაკებები ინვესტორებთან, რათა მოხდეს საფინანსო შეთანხმებების ხელმოწერა, გარკვეული პირობების შეთანხმება. ამას დასჭირდა იმაზე მეტი დრო, ვიდრე თავდაპირველად იყო განსაზღვრული", -აცხადებს ცქიტიშვილი.
რაც შეეხება კითხვას - მოასწრებს თუ არა სახელმწიფო პორტის მშენებლის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებას, რომელიც პორტამდე გზისა და რკინიგზის მიყვანას გულისხმობს, მინისტრი პასუხობს:
"ანაკლიის პორტის მშენებლობაზე უშუალოდ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება. სახელმწიფომ 2013 წელს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით და ის ვალდებულება, რაც გულისხმობს პორტამდე გზისა და რკინიგზის მიყვანას, სახელმწიფომ თავად აიღო. ანაკლიის პორტი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამჟამად ვცდილობთ, ინვესტორთან ერთად პორტის პროექტი წარმატებული გავხადოთ.
ბუნებრივია, ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნაწილში, ჩვენი მხრიდან შესრულებული იქნება. ამჟამად ჩვენ სამწუხაროდ, ჩაგვივარდა ტენდერი გზის პროექტირებასთან დაკავშირებით, თუმცა, მოვახდენთ ტენდერის სახეცვლილებას და გამოვაცხადებთ ახლიდან კონკურსს, რომელიც იქნება უფრო მოქნილი", - აცხადებს მინისტრი.

























