მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის კონსორციუმი" რეგიონის მოსახლეობისთვის გადამზადების პროექტებს იწყებს

5c22523225661
თამუნა დემეტრაშვილი
25.12.18 19:44
660
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” USAID-თან თანამშრომლობით, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის გადამზადების პროექტებს იწყებს. პროექტი ორ კომპონენტს მოიცავს, ესაა მცირე ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო ძალის განვითარების კომპონენტები, რომელიც თავისმხრივ საგანმანათლებლო კომპონენტს მოიცავს.
როგორც გადაცემაში “საქმიანი დილა” “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა თამარ ზაქარიაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი ადგილობრივებისთვის და მთლიანად ანაკლიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“2020 წლის ბოლოსთვის პორტში პირველი გემის შემოსვლა იგეგმება და მოსახლეობა და რეგიონი უნდა მოემზადოს ამ დიდი ცვლილებებისთვის. ჩვენ აქტიურ მზადებას ვიწყებთ 2019 წელს. დავიწყებთ ტრენინგებით”-განაცხადა თამარ ზაქარიაძემ. მისი ინფორმაციით, იგეგმება ტრენინგცენტრის შექმნა, ასევე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პროფეიულ-საგანმანათლებლო ცენტრებთან.

“მოსახლეობის მხრიდან არის დიდი ინტერესი, შეისწავლონ სხვადასხვა პროფესიები. ძალიან ეფექტური გამოდგა, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, რომელიც ჩვენ გავხსენით. დაინტერესება უდიდესი იყო და რაც ყველაზე მთავარია, მოვიდნენ არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ასაკოვანი ადამიანებიც. რეგიონში ძალიან აქტიური ადამიანები ცხოვრობენ”-განაცხადა ზაქარიაძემ.

კონსორციუმის რეგიონალურმა დირექტორმა ანზორ მანწკავამ კი აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტში დასაქმებულთა 90% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.

მისი თქმით, ამჟამად, მშენებლობის ეტაპზე, მიმდინარეობს ტენდერი, რომლის ერთ-ერთი პირობაა, რომ 90% ადგილობრივი მუშა-ხელი დაასაქმონ.

“აქცენტს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონზე ვაკეთებთ, ანაკლიასა და მიმდებარე სოფლებზე. მეორე ეტაპია, უკვე უშუალოდ პორტის ოპერირების ეტაპი, რისთვისაც აუცილებელია ადამიანების გადამზადება. ვმუშაობთ, რომ მათ ეს ადამიანები მომზადდნენ შესაბამისად და ახალი პროფესიები აითვისონ. პორტის ოპერატორი კომპანია SSA Marine -ის მუშაობის მაგალითებიდან ჩანს, რომ დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მუშა-ხელი იქნება, დასაქმებულთა ზუსტ რაოდენობაზე პასუხს ვერ გაგცემთ”-განაცხადა მანწკავამ.

მისი შეფასებით, ანაკლიის პორტის პროექტმა, რეგიონში უკვე საგრძნობი გახადა ცვლილებები, მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადასვლა და პორტის ამოქმედება კი, ძალიან ბევრი სატელიტური ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“მნიშვნელოვანია მთლიანად საქართველო რა სიკეთეს მიიღებს ამ პროექტიდან. ის სწორ ფასეულობებზე აგებული პროექტია. ძალიან ბევრი რამეა წინასწარ შესწავლილი და გათვლილი, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ჩვენ არ გვინდა, რომ რაღაც გავაკეთოთ და ამავდროულად რაღაც გავაფუჭოთ. ყველაფერს ვითვალისწინებთ ისე, რომ ყველა მოგებული იყოს. არ გვინდა ვინმეს რამე ვაწყენინოთ, ამას ყველა ხედავს, გვინდა ერთი დიდი საქმე ვაკეთოთ ყველამ ერთად”,-განაცხადა ანზორ მანწკავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები