მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან დაფინანსების მოძიება კვლავ რთულად მისაღწევი ჩანს"-ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება

5d4087e24637e
ელენე გოგბერაშვილი
30.07.19 22:07
1428

ინფრასტრუქტურის სამინისტრო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. უწყება ამბობს, რომ კონსორციუმი ცდილობს საზოგადოების ყურადღება კონსორციუმის ვალდებულებების შეუსრულებლობიდან უსაგნო მსჯელობაზე გადაიტანოს. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ კონსორციუმის მხრიდან დაფინანსების მოძიება რთულად მისაღწევი ჩანს, რადგან ჯერ კიდევ არ მომხდარა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის სახელმწიფო გარანტიის სანაცვლოდ ალტერნატიული გადაწყვეტის შეთავაზება.


"მიუხედავად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხმამაღალი განცხადებებისა, თითქოს დაფინანსების მოძიების ვადების დარღვევა არანაირად არ აისახებოდა მშენებლობის და პირველი გემის მიღების ვადებზე, კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი ბოლო გრაფიკითპორტის მშენებლობის დასრულება გადაიწევს 2022 წლის ივნისამდე, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2020 წლისა.

ამასთან, ეს ვადები აქტუალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი შეძლებს პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების 2019 წლის ბოლომდე მოძიებას და 2020 წლის იანვარში პორტის მშენებლობის დაწყებას. ეს კი, კვლავ რთულად მიღწევადი ჩანს, ვინაიდან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მის ქართულ და უცხოელ დამფუძნებლებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის ჯერ კიდევ არ შეუთავაზებიათ კომერციული რისკების და სესხის უზრუნველყოფის ალტერნატიული გადაწყვეტა სახელწიფო გარანტიების სანაცვლოდ. ამის გარეშე კი ბანკები დღესაც უარს აცხადებენ 400 მილიონი დოლარის სესხის კონსორციუმისთვის გაცემაზე.

მიუხედავად ამისა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ არ ერიდება არაერთ საჯარო განცხადებაში იმის თქმა, რომ პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება სრულად აქვს მოძიებული.

კონსორციუმი იმასაც აცხადებს, რომ თითქოს სრულად აქვს მოძიებული 120 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტორის საკუთარი კაპიტალიც, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მოლაპარაკებების ფაზაშია პრაქტიკულად ყველა პოტენციურ ინვესტორთან.

მეტიც, ერთ-ერთმა პოტენციურმა ინვესტორმა და პორტის ოპერატორმა ივლისის დასაწყისში წარუდგინა სახელმწიფოს ინვესტიციის განხორციელების ახალი პირობები - მთავრობის მიერ ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა და ანაკლიის პორტის ექსკლუზიურობა. ინვესტორი ითხოვს მთავრობამ არ გასცეს კონკურენტი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა, ვიდრე ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვა არ მიაღწევს დაგეგმილი მოცულობის 70%-ს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევ მთავრობას და გეოპოლიტიკას გადაბრალდება ის ფაქტი, რომ კონსორციუმი ჯერ კიდევ 2017 წლიდან, მიუხედავად არაერთი გადავადებისა, ვერ ახერხებს არა თუ 400 მლნ დოლარიანი სესხის, არამედ 120 მილიონი დოლარის საკუთარი კაპიტალის შევსებას"-ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები