მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში ხაზარაძეს მაიკლ ქოუგილი შეცვლის

5d484f09ad855
BM.GE
05.08.19 19:40
917
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინფორმაციით, ფორმალური საკითხების გავლის შემდეგ, კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა ხაზარაძეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი მაიკლ ქოუგილი შეცვლის.

როგორც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. თვის ბოლოსთვის დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე პირები შეემატონ.

კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან. პოსტებს ასევე შეინარჩუნებენ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები: ბობ მეიერი და დიმიტრი აბდუშელიშვილი.

ცვლილებებთან დაკავშირებით კონსორციუმი მამუკა ხაზარაძის კომენტარსაც ავრცელებს.

"ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს - ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები", – განაცხადა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები