"ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო" ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე ანაკლიის პორტსა და თიბისის საქმეს შორის არსებულ კავშირს ვერ ხედავს.
"საქმის კურსთან" საუბრისას დავით ჯავახაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
"ჩვენთვის პრიორიტეტულია არსებულ ინვესტორთან მოლაპარაკებების ბოლომდე მიყვანა და შესაბამისად პროექტის წარმატებით განხორციელება. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული და ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს მიხედავად იმ პრობლემებისა, რაც პროექტთან მიმართებით არსებობს.
ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაწყვეტა დღის წესრიგში არ დგას. თეორიულად სამომავლოდ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, თუმცა ჩვენ შესაძლო ალტერნატივებთან დაკავშირებით პასუხი არ გვაქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამაზე არ ვმუშაობთ.
ჩვენ მიმდინარე წელს ორი მოლაპარაკება გვქონდა ბანკებთან და აქედან გამომდინარე ჩვენ კარგად ვიცით მათი განწყობა. მთავარი შემაფერხებელი გარემოებაა ის მოთხოვნები, რომელსაც სახელმწიფოს უყენებენ და არა ცალკეული საქმე რომლის დეტალებში ვერ შევალ.
ასევე, სანამ თბს-ის გახმაურებული საქმე იქნებოდა, მანამდე იყო კომერცული რისკების დაზღვევაზე მოთხოვნა გაკეთებული ბანკების და ინვესტორების მიერ, რაც ადასტურებს რომ არავითარი კავშირი ამ ორ საქმეს შორის ჩემი აზრით არ არსებობს", - განაცხადა ჯავახაძემ.

























