მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტამდე 18-კილომეტრიანი $200-მილიონიანი რკინიგზა თავდაპირველად ერთხაზიანი იქნება | რკინიგზამ ბაზრის კვლევა გამოაცხადა

დერეფანი ანაკლია რკინიგზა

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რკინიგზა საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საკონსულტაციო კომპანიებს შეარჩევს.

პროექტის ჯამური ღირებულება მთავრობის პროგნოზით 200 მილიონ დოლარამდე დაჯდება, ამ ეტაპზე გამოცხადდა სამშენებლო ზედამხედველი კომპანიის შესარჩევი ტენდერი, შემდეგ ეტაპზე კი უშუალოდ კონტრაქტორის შესარჩევი საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის თანახმად, რკინიგზის მშენებლობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სავარაუდო ვადად 2027-2029 წლებია განსაზღვრული. შესაბამისად, სახელმწიფო მოელის, რომ რკინიგზის ერთი კილომეტრის მშენებლობა 11-12 მილიონი დოლარის ფარგლებში დაჯდება.

საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული ინტერესის გამოხატვის მოთხოვნისა და ტექნიკური დავალების მიხედვით, ახალი სარკინიგზო ხაზის სიგრძე დაახლოებით 17.74 კილომეტრი იქნება. ხაზი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ხამისკურთან არსებული სენაკი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთიდან დაიწყება და ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიამდე მივა.

საკონსულტაციო მომსახურების მიზანია, ზედამხედველმა კომპანიამ შეამოწმოს მშენებელი კონტრაქტორის მიერ მომზადებული დეტალური პროექტი, გააკონტროლოს სამშენებლო სამუშაოების ხარისხი და ვადები, ასევე დაეხმაროს საქართველოს რკინიგზას სახელშეკრულებო და ფინანსური საკითხების მართვაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, პორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 200 მილიონი დოლარი იქნება, სამშენებლო ტენდერის გამოცხადება კი ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება.

რა ტექნიკური პარამეტრები ექნება რკინიგზას

პროექტის ტექნიკური დავალების მიხედვით, რკინიგზის ხაზი 2019 წელს მომზადებულ საპროექტო დოკუმენტაციას ეფუძნება, თუმცა ეს დოკუმენტაცია მხოლოდ საორიენტაციო ხასიათისაა. მშენებელმა კონტრაქტორმა საბოლოო დეტალური პროექტი თავად უნდა მოამზადოს, საქართველოს რკინიგზის მოთხოვნების შესაბამისად. შესაბამისად, მითითებული ტექნიკური პარამეტრები შესაძლოა დაზუსტდეს.

პროექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია:

  • სიგრძე: დაახლოებით 17.74 კმ, ანაკლიის სადგურში ერთი მთავარი ლიანდაგის ჩათვლით.
  • ლიანდაგის სიგანე: 1,520 მმ, რაც საქართველოს რკინიგზის არსებულ ქსელთან თავსებადია.
  • ელექტრიფიკაცია: მუდმივი დენის სისტემა, ნომინალური ძაბვით 3.3 კვ.
  • ლიანდაგის კონსტრუქცია: ახალი ბეტონის შპალები და R65 ტიპის რელსები.
  • მრუდის მინიმალური რადიუსი: 800 მეტრი.
  • საექსპლუატაციო რეჟიმი: უწყვეტი მუშაობა, წელიწადში 24 საათის განმავლობაში.
  • სატვირთო მატარებლის მთლიანი მასა: 3,600 ტონა როგორც დასავლეთიდან აღმოსავლეთის, ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით.

ლიანდაგი თავდაპირველად ერთხაზიანი იქნება

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწყობა. ტექნიკური დავალების მიხედვით, რკინიგზის ყრილის საფუძველი თავიდანვე ორი ლიანდაგისთვის უნდა მომზადდეს, თუმცა პირველ ეტაპზე ლიანდაგის ზედა კონსტრუქცია მხოლოდ ერთი ლიანდაგისთვის მოეწყობა. ეს ნიშნავს, რომ მიწის საფუძვლისა და მისი გამაგრების სამუშაოებში გათვალისწინებული იქნება სამომავლოდ მეორე ლიანდაგის დამატების შესაძლებლობაც.

ანაკლიის ახალ სატვირთო საკონტეინერო სადგურზე გათვალისწინებულია ორი მთავარი და ცხრა მისაღებ-გამგზავნი ლიანდაგი, ასევე სხვა ლიანდაგები და ჩიხები. ხობის არსებულ სადგურზე სამი დამატებითი ლიანდაგი მოეწყობა, ხოლო ხამისკურთან ახალი სარკინიგზო კვანძი აშენდება, სადაც ასევე სამი დამატებითი ლიანდაგი იქნება გათვალისწინებული.

რა ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს

სარკინიგზო ხაზის მშენებლობა მხოლოდ ლიანდაგის დაგებით არ შემოიფარგლება. სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • ანაკლიის ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა;
  • ხობის სადგურის რეკონსტრუქცია და ხამისკურის ახალი სარკინიგზო კვანძის მოწყობა;
  • ელექტრომომარაგებისა და საკონტაქტო ქსელის მოწყობა;
  • სარკინიგზო სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემების დანერგვა;
  • წყალგამტარი მილების, სადრენაჟე არხების, მიწისქვეშა გასასვლელების, ესტაკადებისა და მცირე ხიდების მშენებლობა;
  • სარკინიგზო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო შენობებისა და პერსონალის სამუშაო სივრცეების მოწყობა;
  • საკომუნიკაციო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა.

ტექნიკური დავალება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გრუნტის გამაგრებასა და რკინიგზის ყრილის მდგრადობას. კონსულტანტმა უნდა შეამოწმოს გეოტექნიკური კვლევები, ნიადაგის მზიდუნარიანობა, შესაძლო ჯდომის მაჩვენებლები და გათხევადების რისკი. საჭიროების შემთხვევაში, უნდა გაკონტროლდეს დამატებითი გეოლოგიური კვლევები და გრუნტის გაუმჯობესების სამუშაოებიც. სეისმური გაანგარიშებები სავალდებულოა, ხოლო პროექტირება საქართველოს მოქმედ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს.

რა ევალება სამშენებლო ზედამხედველ კომპანიას:

საქართველოს რკინიგზამ საკონსულტაციო მომსახურებისთვის ინტერესის გამოხატვა გამოაცხადა. შერჩევის ამ ეტაპზე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო კრიტერიუმებია:

  • რკინიგზის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მუშაობის ფართო გამოცდილება;
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2017 წლის იანვრიდან, რკინიგზის მშენებლობის ზედამხედველობის მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.

ინტერესის გამოხატვის განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადად 2026 წლის 17 ნოემბრის 17:00 არის მითითებული.

პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რკინიგზაა. ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა გამოქვეყნებულია მსოფლიო ბანკის შესყიდვების წესების შესაბამისად, ხოლო საკონსულტაციო ხელშეკრულება დროის მიხედვით ანაზღაურების პრინციპზე იქნება დაფუძნებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები