საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის სამინისტრო უახლოეს დღეებში კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.
ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„11 მილიონი ლარი იყო საპროექტო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული. ჩვენ გვაქვს ამ სამუშაოებისთვის თანხა გათვალისწინებული წელსაც. შარშან ფაქტობრივად, ჩავარდა ის ტენდერები, რაც იყო გამართული ამ სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე და ჩავარდა მათ შორის, იმის გამო, რომ ეს არის არა მხოლოდ გზა, არამედ – რკინიგზაც. ჩვენ ახლა უშუალოდ ტექნიკურ კონსულტანტებთან და საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად გადავამუშავეთ სატენდერო მოთხოვნები და უახლოეს დღეებში მიმართული გვაქვს შესყიდვების სააგენტოსთვის, რომ ტენდერიდან გადავიდეთ კონკურსზე, რაც შესაძლოა, მეტი მოქნილობის საშუალებას მოგვცემს, რომ ეს ტენდერი წარმატებით ჩატარდეს. ამდენად, ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დაფინანსების მოძიებაში ეხმარება.
„მიწის გამოსყიდვაში სახელმწიფოს აქვს დაახლოებით, 60 მლნ ლარი დახარჯული, რომელიც შემდგომში არის გადაცემული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“. დღესაც აქტიურ კომუნიკაციაში ვართ, როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, ასევე ოთხივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომ მაქსიმალურად ამოვუდგეთ გვერდში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ და დავეხმაროთ თანხების მოძიებაში. თუმცა იმაზე, უნდა მისცეს თუ არა სახელმწიფომ სრული საფინანსო გარანტია, მაშინ როდესაც თავდაპირველ ხელშეკრულებაში და ინტერესთა გამოხატვაში ეს არ იყო გათვალისწინებული, ალბათ მერე, ისევ თქვენთან ერთად ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა.

























