ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ანაკლიის პორტის 50-წლიანი გეგმის მომზადება დაასრულა. იგი პროექტის ეკონომიკური გავლენის შეფასებას, ტვირთბრუნვის გათვლებს, საინვესტიციო მოცულობასა და განვითარების ფაზებს მოიცავს. ამ ეტაპზე გეგმას ანაკლიის სამთავრობო კომისია განიხილავს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გეგმა პორტის ცხრავე ეტაპის განვითარებას მიმოიხილავს და ინოვაციურ საინჟინრო ტექნოლოგიებზე, ხარჯების დაზოგვასა და პორტის ეფექტურობაზე კონცენტრირდება. თემის დეტალებით ’’საქმიან დილასთან“ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ახვლედიანი საუბრობს.
-განვითარების ის ეტაპები, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს რას გულისხმობს და დღეს ხელმძღვანელობა რას განიხილავს?
-ჩვენ გეგმა შევიმუშავეთ, რომელიც მთლიანად პორტის განვითარების ეტაპებს მოიცავს და მთავრობას განსახილველად ჩავაბარეთ. გეგმა ჩენ კონსულტანტ ჰოლანდიურ კომპანია Maritime & Transport Business Solutions-თან (MTBS) ერთად შევიმუშავეთ. დოკუმენტი ფართო ინფორმაციას მოიცავს, ეს არის ეკონომიკური ღირებულებების შექმნა, თუ რას შექმნის პორტი ეტაპობრივად, რამდენ სამუშაო ადგილი და რა ინფრასტრუქტურა შეიქმნება თითოეულ ეტაპზე და ზოგადად რამხელა ინვეტსიციასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული.
-თქვენ ეკონომიკური ღირებულება ახსენეთ და თუ შეგიძლიათ კონკრეტული მონაცემები გაგვიზიაროთ, დაახლოებით რა რიცხვზეა საუბარი?
-ოპერირების დაწყებიდან, წლების მანძილზე ასობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში. დაახლოებით რომ გითხრათ, 60 მილიარდი აშშ დოლარის შექმნა იგულისხმება. აღნიშნული პროექტი ასეთი მასშტაბური ზეგავლენის არის. დაახლოებით 40 წლის მანძილზე 60 მილიარდის ეკონომიკური ღირებულება შეიქმნება ამ პორტის მეშვეობით.
-სამუშაო ადგილებს რაც შეეხება, ამ მიმართულებას როგორ გეგმავთ, ზრდა როგორი იქნება და არის თუ არა რამე განსაკუთრებული პირობები, რა სტრატეგია აქვს კონსორციუმს?
-ეს მიმართულება დოკუმენტში საკმაოდ ვრცლად არის განხილული და ანალიზია გაკეთებული იმასთან დაკავშირებით პოტენციურად რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის აღნიშნული პორტი. მაგალითად, 2020 წელს საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 2 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. დროთა განმავლობაში ეს რიცხვი 5 000-მდე იზრდება და რაც ფაზები ვითარდება, მით უფრო მეტი ემატება. მაგალითად, 9 ფაზაზე დაახლოებით 19 000 სამუშაო ადგილია გათვლილი.
-ამ სამუშაო ადგილების შემთხვევაში განსაზღვრული თუ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაგჭირდებათ თუ უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობაც დაგჭირდებათ, გადამზადების რა ეტაპები იქნება გასავლელი და უახლოესი პერსპექტივა დროში როგორ არის გაწერილი?
-პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, უცხოელ კონსულტანტებთან და ექსპერტებთან კონსულტაციები დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენ მთავრობასთან ვალდებულება გვაქვს გაწერილი ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვითაც, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქართველები დავასაქმოთ. ამისთვის სატრეინიონგო ცენტრს გავხსნით პირველივე დღიდან, რომლის დახმარებითაც პირდაპირ დასაქმებული ხალხი გადამზადდება, ვინც უშუალოდ პორტში იმუშავებს. არაპირდაპირ სამუშაოებს თვითონ ბაზარი და ეკონომიკა შექმნის.
-საწყის ტაპზე დაახლოებით რა მოცულობის ტონა ტვირთის გატარებას გეგმავთ?
-2016 წელს მთლიანად ქართულმა პორტებმა 330 ათასი კონტეინერი გადაატარეს. კონტეინერების ზრდა პირდაპირ კავშირშია მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან, არა მარტო საქართველოსი, არამედ რეგიონის, რადგან ჩვენი პორტები აზერბაიჯანს, სომხეთს და ასევე ცენტრალური აზიის ბაზრის ნაწილს უკავშირდება. ბაზარი ორად არის გაყოფილი. არის პირველადი ბაზარიმ რომელშიც მოკლევადიან პერსპექტივაში დაახლოებით 10%-იან ზრდას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში 5%-იან ზრდას ვვარაუდობთ. ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის ყველაზე დიდი ეფექტი თვითონ კორიდორის კონკურენტუნარიანობაზე მოხდება. ამას, რა თქმა უნდა, მარტო პორტი არ უშველის, რკინიგზის მოდერნიზაცია და მისი გამტარუნარიანობის ამაღლება მოხდება, ასევე ავტობანიც დასრულდება და შემდეგ საქართველოს კორიდორი უკვე ჯამში ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც რუსეთის, ისე ბალტიისპირეთის ქვეყნების კორიდორებთან.

























