სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს ნუგზარ გაბელიას ინფორმაციით, ამ დროისთვის, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
"ანაკლიის პორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და „საუკუნის პროექტსაც“ სამართლიანად უწოდებენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნიადაგის მოხსნის, ასევე მელიორაციის და დაშრობითი არხების მოწყობის სამუშაოები. ადგილზე, დაახლოებით, 100-მდე ადამიანია დასაქმებული“, - აცხადებს გაბელია.
მისივე თქმით, ინვესტორების ინიციატივით, გადამზადდებიან ადგილობრივებიც, რათა დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინონ.
გარდა ამისა, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენელი აცხადებს, რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
ნუგზარ გაბელიამ მათ შორის გამოყო ზუგდიდის წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი, რომლის ღირებულება 100 მლნ ლარია, ასევე ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაციის პროექტი.

























