“მე ძალიან მტკივა გული, რომ ასეთი პერსპექტიული პროექტი სხვადასხვა გარემოებების გამო ფერხდება,” - BMG-სთან საუბარში ამბობს “რონდელის ფონდის” უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი.
ჩეჩელაშვილი იმედოვნებს, რომ პროექტი, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ არის მხარდაჭერილი, აუცილებლად განხორციელდება.
“გაცილებით უფრო წინ უნდა ვყოფილიყავით ამ პროექტის განხორციელებაში, ვიდრე დღეს ვართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მხარს უჭერენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები, ეს პროექტი განხორციელდება წარმატებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის.
არსებულ ვითარებას კონსტრუქციულად ნამდვილად ვერ შევაფასებდი. ის მოვლენები, რაც განვითარდა თიბისის ირგვლივ და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, ნამდვილად არ უწყობს ხელს პროექტის განხორციელების მიმდინარეობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. მე ვფიქრობ, რომ თუ ეს ასე იყო, ეს პრობლემები გაცილებით ადრე უნდა გამომჟავნებულიყო, იმ მომენტამდე ვიდრე ეს ჯგუფი აიღებდა ამ პროექტის განხორციელებაზე ძირითად პასუხისმგებლობას. დღეს კი, პროექტი სერიოზულად არის შეფერხებული და ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით,” - ამბობს ჩეჩელაშვილი.

























