მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის პორტის საგზაო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა - რა პროექტების დაფინანსებას განიხილავს AIIB საქართველოში?

აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოში საინვესტიციო პორტფელი გაზარდოს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი აცხადებს.

როგორც ხუციშვილმა ვაშინგტონში მიმდინარე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებზე ვიზიტისას BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, AIIB დაინტერესებულია, რომ საქართველოში როგორც საგზაო, ასევე საზღვაო მიმართულებით ინფრასტრუქტურა დააფინანსოს.

ერთ-ერთ ასეთ პოტენციურ პროექტად ფინანსთა მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საგზაო და რკინიგზის ინფრასტრუქტურას ასახელებს, რომლის განხორციელების ვალდებულებაც სახელმწიფოს აქვს.

ლაშა ხუციშვილის თქმითვე, ბანკი დაინტერესებულია ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებითაც, მათ შორის კერძო სექტორში ჰიდრო, მზის და ქარის ენერგიის მიმართულებით ინვესტიციებში.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ძალიან აქტიურად არის ჩართული საქართველოში პროექტების განხორციელების მიმართულებით. მათ გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, რომ გააფართოონ საინვესტიციო პორტფელი საქართველოში. ჩვენ საუბარი გვქონდა იმ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რაზეც ორივე მხარის მხრიდან არის ინტერესი გამოთქმული. ეს არის შუა დერეფნის ინფრასტრუქტურა, როგორც საგზაო, ასევე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, ასევე რკინიგზის და საჰაერო ინფრასტრუქტურა. ასევე საზღვაო მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს როგორც გზებს, ასევე რკინიგზით დაკავშირებადობას სხვადასხვა საპორტო ინფრასტრუქტურასთან. ეს არის პრიორიტეტები, რომელიც ბანკს გააჩნია.

ასევე ენერგეტიკის სექტორი, სადაც ბანკი ძალიან აქტიურად აპირებს ჩართვას და ინვესტიციის განხორციელებას სხვადასხვა პროექტებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მონაწილეობით. ამ მიმართულებით ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს პრიორიტეტული მიმართულებები არის საერთო და ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, სადაც ბანკი აქტიურად იქნება ჩართული. იმ მიმდინარე სხვა პროექტებთან მიმართებაშიც, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.

ჩვენ გვექნება უახლოესი კვირების განმავლობაში შესაბამისი მისია საქართველოში. ეს არ მოიცავს მხოლოდ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ეს არის ასევე სხვადასხვა მუნიციპალური სერვისები, ისეთი როგორიც არის წყლის მიწოდების სერვისი და სხვადასხვა მუნიციპალური სერვისები. ამ მიმართულებით ბანკი ძალიან აქტიურია და მათ მხრიდან მზადყოფნაა, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში უკვე გვქონდეს შეთანხმება მიღწეული.

ანაკლიის პორტთან მიმართებაში, ანაკლიის უშუალოდ პორტის გარდა, აქ არის ინფრასტრუქტურა, რომელიც არის საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც არის ასევე რკინიგზის ინფრასტრუქტურა განსახორციელებელი, რომელზეც სახელმწიფოს ვალდებულება აქვს ყველა ფორმატში და ეს არის სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არის და იქნება ყოველთვის. ამ მიმართულებით ბანკმა მზაობა გამოთქვა, რომ თუ სეთი ტიპის ინფრასტრუქტურაში მათ მიეცემათ შესაძლებლობა ინვესტირების, ისინი განახორციელებენ ინვესტირებას.

რაც შეეხება ენერგეტიკას, მათ აქვთ ინტერესი კერძო სექტორთან მიმართებაშიც, იმიტომ რომ ეს არ მოიცავს მხოლო სახელმწიფოს მიერ სუვერენული პროექტების დაფინანსებას, ასევე ისინი აქტიურად თანამშრომლობენ კერძო სექტორთან დაფინანსების კუთხით. მათ აქვთ ინტერესი, რომ დაფინანსება განახორციელონ კერძო სექტორთან ერთად ენერგეტიკაში. ეს არის ძირითადად ენერგეტიკული ობიექტები, როგორც ჰიდრო, ასევე მზის და ქარის ენერგია და ამ მიმართულებით მათი ინტერესი აქვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ დაფინანსებაში როგორც კერძო სექტორთან, ასევე სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები