ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინჟინრო კონტრაქტორს ხვალ გამოავლენს. პორტის საინჟინრო კონტრაქტორის შესარჩევი კონკურსი პორტის ინვესტორის შესარჩევი კონკურსის პარალელურად მიმდინარეობდა და ის ხვალ უნდა დასრულდეს, რაც შეეხება პროექტის ინვესტორს, 2024 წლის მაისში პროექტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს პრეტენდენტად ჩინური კორპორაცია CCCC გამოვლინდა. პორტის საინჟინრო კონტრაქტორ პროექტს სწორედ CCCC-ის დაფინანსებით განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა $600 მილიონ დოლარამდე იქნება, პორტის საწყისი გამტარიანობა წლიურად 600,000 კონტეინერისა და 8 მილიონი ტვირთების გატარება უნდა იყოს.
"რაც შეეხება მშენებელი კომპანიის ტენდერს, კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებელი კომპანიის შერჩევა, მაქსიმალურად გამოცდილი საზღვაო კუთხით. ჩვენ ხვალ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი, ამაშიც საერთაშორისო კონსულტანტები იყვნენ ჩართული რომ განხილულიყო ის წინადადებები, რომლებიც კომპანიებმა წარმოადგინეს. ჩვენ ხვალ ვასრულებთ ამ პროცესს და ხვალ უკვე მშენებელი პარტნიორის გამოვლენას მოვახდენთ და შესაბამისად საზოგადოებასაც მივაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დღესვე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ინვესტორის შესარჩევ კონკურსში ჩინური კომპანია CCCC-ის საბოლოო დასახელებამდე კომპანიასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.
"პრეტენდენტთან ჩვენ გავაგზავნეთ დამაზუსტებელი კითხვები, ჩვენ ამ კვირის განმავლობაში მივიღეთ დაზუსტებული პასუხები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი კონსულტანტი ამუშავებს. კონსულტანტის შეფასება იქნება ხვალ, მაქსიმუმ მომავალი კვირის დასაწყისში. აქედან გამომდინარე დადგინდება თუ იქნება კიდევ დასაზუსტებელი კითხვები, კიდევ მოგვიწევს დიალოგის გაგრძელება პრეტენდენტთან,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში საბოლოო წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა [China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური)] ჰოლდინგმა წარადგინა.
პროექტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში 51%-იანი წილი ექნება სახელმწიფოს, 49%-იანი წილი კი საერთაშორისო კონკურსით გამოვლენილ ინვესტორს. ამასთან, პროექტის განვითარებისთვის ინვესტირების მთავარი ვალდებულება სწორედ ინვესტორს ეკისრება. პროექტის თანახმად, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს არა ინვესტორი, არამედ საინჟინრო კონტრაქტორი, რომლის შერჩევისთვისაც საერთაშორისო ტენდერი იყო გამოცხადებული. აღნიშნული ტენდერის გამარჯვებული ხვალ გამოვლინდება.
რა არის ცნობილი კომპანია China Communication Construction Company Limited-ის შესახებ:
China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე.
China Communication Construction Company Limited-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი $106 მილიარდ დოლარს, წმინდა მოგება კი $4.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჯგუფის აქტივები 236 მილიარდ დოლარს აღემატება.