ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი კიდევ ერთხელ შეცვალა. ეკონომიკის მინისტრმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროექტში კერძო ინვესტორი არ იქნება წამყვანი. შესაბამისად, პროექტს ჩინური კორპორაცია cccc არ განახორციელებს. სწორედ აღნიშნულ კომპანიასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები 2024 წლის 29 მაისიდან, თუმცა საბოლოოდ მხარეთა შორის ხელშეკრულება აღარ გაფორმდა. ახალი გადაწყვეტილებით, ნავსადგური აშენდება ე.წ. „ლენდ-ლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. კერძო კომპანიები ადგილზე მოიჯარეების სტატუსით იოპერირებენ. მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ არიან დაინტერესებული კომპანიები დასავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ჩინეთიდან და დასავლეთის ქვეყნებიდან. რას ნიშნავს ლენდ-ლორდის“ მოდელი და რა დაუჯდება ქვეყანას პროექტის სრულად სახელმწიფოს მიერ განხორციელება და საიდან მოიზიდავს საჭირო თანხებს მთავრობა.


































