"ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად დაგეგმილ ვადებში უნდა განხორციელდეს", - ამის შესახებ Bm.ge-ს ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელმა, პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეს იქნება შანსი, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვისა, იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების ტენდენციებია.
"ანაკლიის ნავსადგურის პროექტის სახით, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა გაზარდოს თავისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, რაც არ უნდა იქნეს გაშვებული ხელიდან. რაც შეეხება მოსალოდნელ ტვირთებს, ანუ იქნება, თუ არა ანაკლიის ნავსადგურისათვის ტვირთები, ცალსახად - იქნება, უბრალოდ ანაკლიის ნავსადგურს მოუწევს კონკურეტულ ბრძალაში ჩაბმა. გარდა ამისა, ანაკლიის ნავსადგურის სასიკეთოდ მოქმედებს, რუსეთსა და უკრაინას შორის, ასევე ამერიკა - ირანს შორის დაპირისპირება, ანუ არსებული პოლიტიკური კატაკლიზმები საქართველოს სასიკეთოდ უნდა იქნეს გამოყენებული" - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.
მისი განმარტებით, ტვირთების არსებობობაზე მეტყველებს ციფრები, კერძოდ: 2017 წელს - ოდესის ნავსადგურმა 24.1 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, იუჟნის ნავსადგურმა - 41.9 მლნ ტონა, ნიკოლაევის - 23.5 მლნ ტონა, ჩერნომორსკის - 17.2 მლნ ტონა (პრატიკულად ბოლო ოთხ წელიწადში უკრაინის მსხვილ პორტებში არ შემცირებულა ტვირთები), კონსტანცას ნავსადგურმა - 2017 წელს 58.4 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, ნოვოროსიისკის - 147.7 მლნ ტონა (რეკორდული მაჩვენებელი), ტუაფსემ 26.6 მლნ ტონა, კავკაზის ნავსადგურმა - 35.3 მლნ ტონა, როსტოვის - 14.9 მლნ ტონა, ბულგარეთის ნავსადგურებმა - ბურგასმა - 17.1 მლნ ტონა, ვარნამ - 11.6 მლნ ტონა.
"მეზობელ პორტებში ტვირთნაკადების დინამიკა გვკარნახობს, რომ ანაკლიის ნავსადგურს რთულ - კონკურენტულ ბრძოლაში მოუწევს თავის დამკვიდრება, მაგრამ მდგომარეობა არ არის პესიმისტური. მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული, სამშენებლო პერიოდი და ანაკლიის ხელმძღვანელობამ, პარალელურ რეჟიმში, განახორციელოს ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებული მარკეტინგული ღონისძიებები", - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

























