მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის პორტში პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, 2 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება

59413050c6f92
სალომე მეცხვარიშვილი
15.06.17 10:13
2305
ანაკლიის პორტის პირველი ფაზის შენებლობაზე 300-დან 500-მდე ადამიანი დასაქმდება, - ასეთია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის პროგნოზი, რომელიც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დაკვეთით საერთაშორისო კომპანია Royal Haskoning-მა მოამზადა.

გზშ-ში, რომელიც პორტის პირველი ფაზის მშენებლობას ეხება, ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივად არ არის საკმარისი მუშახელი, ვარაუდობენ, რომ სამუშაო ადგილების ნაწილს ანაკლიის მაცხოვრებლები დაიკავებენ.

"ადგილობრივ მოსახლეებს, რომლებიც გადაწყვეტენ სამუშაოზე განაცხადის შეტანას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დახმარებას გაუწევს შესაბამისი სამშენებლო სამუშაოს მისაღებად. ამასთანავე ამ სამუშაოების ნაწილზე დასაქმდებიან ემიგრანტებიც. გაზრდილი დასაქმება არაპირდაპირ შეიძლება აისახოს თემის წევრთა შემოსავლებზე და ხარჯებზე",- ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება დასაქმებას პორტის ამუშავების შემდეგ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ შესაძლოა ნავსადგურის ფუნქციონირებამ შექმნას 320 ახალი სამუშაო ადგილი. გარდა ამისა, არსებობს სატრანსპორტო მოთხოვნის პოტენციალი (მაგ., სატვირთო მანქანის ტარება, მომარაგება), რაც დაახლოებით 1,700 სამუშაო ადგილს შექმნის სანაპიროზე.

დოკუმენტის მიხედვით, მოსალოდნელია ადგილობრივი ეკონომიკის გრძელვადიანი სტიმულირებაც.

"არსებობს პოტენციური შესაძლებლობა იმისა, რომ ნავსადგურის ფუნქციონირება გამოიწვევს ეკონომიკის გრძელვადიან სტიმულირებას ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე. ადგილობრივი ცვლილებები მოსალოდნელია ეკონომიკური და ინდუსტრიული განვითარების კუთხით. რეგიონალურმა ცვლილებებმა უნდა მოიცვას გაზრდილი საგადასახადო შემოსავლები, ბიზნესების განვითარება და ადამიანური რესურსები. ცვლილებები ეროვნულ დონეზე განპირობებული იქნება ვაჭრობისა და ტურიზმის ზრდით, გეოპოლიტიკური სარგებელით და გაზრდილი საგადასახადო შემოსავლებით. არაპირდაპირი ეკონომიკური ცვლილების პოტენციალი უკავშირდება დასაქმებისა და შემოსავლების დონის ზრდას",- ნათქვამია გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები