საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 17.1 კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით საერთაშორისო კონსულტანტის შერჩევა გამოაცხადა. საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 14.54 მლნ აშშ დოლარია. დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადების წარდგენა 2027 წლის 5 იანვრამდე შეუძლიათ.
შერჩევის პროცესი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. კონსულტანტის ძირითადი მოვალეობები იქნება სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური და ხარისხობრივი ზედამხედველობა, კონტრაქტების ადმინისტრირება, გარემოსდაცვითი, სოციალური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება. მომსახურების ხანგრძლივობა მშენებლობის ეტაპზე 24 თვეა, ხოლო დეფექტების შეტყობინების პერიოდის ჩათვლით საკონსულტაციო დავალება ჯამურად 84 თვეს მოიცავს.
თავად საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ღირებულება 442 მლნ ლარია. ფინანსური გეგმის მიხედვით, 2025 წლის ჩათვლით პროექტზე 7 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული; 2026 წლის გეგმა 45 მლნ ლარს შეადგენს, რაც ძირითადად მიწების გამოსყიდვაზე დაიხარჯა, 2027 წლისთვის კი ბიუჯეტის პროექტში 30 მლნ ლარია განსაზღვრული. 2028 წლის პროგნოზი 150 მლნ ლარია, 2029 წლისთვის 170 მლნ ლარია გათვალისწინებული, 2030 წლისთვის კი - 40 მლნ ლარი.
პროექტი ითვალისწინებს სოფელ ხამისკურიდან ანაკლიამდე 17.1 კმ სიგრძის ორზოლიანი გზის, ოთხი სატრანსპორტო კვანძისა და ხუთი ხიდის მშენებლობას. გზა ორ ლოტად არის დაყოფილი: პირველის სიგრძე 9.28 კმ-ია, მეორესი - 7.8 კმ. ხუთი ვიადუკის საერთო სიგრძე 2 857.7 გრძივი მეტრია.
აღსანიშნავია, რომ საავტომობილო გზის პარალელურად, ანაკლიის პორტთან სარკინიგზო კავშირის მოწყობაც იგეგმება. 13 ნოემბერს საქართველოს რკინიგზამ ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. დაახლოებით 17.7 კმ სიგრძის ელექტრიფიცირებული ხაზის მშენებლობის პროექტის ღირებულება 205 მლნ აშშ დოლარია და ის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობასა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას. სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეში იგეგმება, ხოლო თავად ინფრასტრუქტურა 2029 წელს პორტის ოპერირების დაწყებისთვის უნდა იყოს მზად.
























