ხელისუფლება ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობას იწყებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა ტენდერი დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ 998 ათასი ლარია.
საქართველოს ხელისუფლებას აღებული აქვს ვალდებულება "ანაკლიის განვითარების კოსორციუმთან", რომ პორტამდე მისასვლელი რკინგზის, გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ააშენოს.
სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მირება 13 იანვარს იწყება და 16 იანვარს სრულდება.
"კონსულტანტმა უნდა მოამზადოს დასამტკიცებლად, ტენდერის პროცესისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის აუცილებელი ყველა შესაბამისი დოკუმენტი. ეს დოკუმენტები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით: დეტალური ნახაზები, სპეციფიკაციები, მოცულობათა უწყისი, ხარჯთაღიცხვები და საგზაო მოძრაობის მართვის გეგმები.
კონსულტანტმა პროექტირება უნდა განახორციელოს საერთაშორისო და ქართული საპროექტო სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად. დეტალური პროექტირების დაწყების წინ კონსულტანტმა უნდა დაადგინოს პროექტის კრიტერიუმების, ასევე გამოსაყენებელი და შემსყიდველ ორგანიზაციასთან (შემდგომში დამკვეთი) შესათანხმებელი სტანდარტების ჩამონათვალი. პროექტის ყველა ასპექტი აღწერილი უნდა იყოს საპროექტო ანგარიშებში. ანგარიშები უნდა მოიცავდეს პროექტის კრიტერიუმებს, დაშვებებს, მეთოდებს, მოდელებს, წესებსა და სტანდარტებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა თითოეული ელემენტის პროექტირებისათვის. გაანგარიშების შეჯამებები მოცემული უნდა იყოს დანართებში ყველა შეგროვებულ მონაცემთან ერთად”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

























