მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტენდერი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა

5b5ad0c250f3b
თამუნა დემეტრაშვილი
27.07.18 12:10
981
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

იტალიური კომპანია ANAS INTERNATIONAL ENTERPRISE S.P.A., რომლის დისკვალიფიკაციაც მოხდა, სატენდერო კომისიას დავების საბჭოში უჩივის და ტენდერის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს.

კომისიამ მრავალკვირიანი განხილვის შემდეგ, კომპანიას დოკუმენტაციის თარგმანები და სპეციალისტების გამოცდილება დაუწუნა, რასაც იტალიურმა კომპანიამ საჩივრით უპასუხა. დაწუნებულ სპეციალისტებს შორის გეოტექნიკოსი, ჰიდროლოგი, საგზაო და სატელეკომუნიკაციო სისტემის ინჟინრები მოხვდნენ, თუმცა კომპანია საჩივარში კატეგორიულად გამორიცხავს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ ოთხივე მათგანს მოთხოვნილ კრიტერიუმებზე მაღალი კვალიფიკაცია აქვთ. კომპანია ANAS INTERNATIONAL ENTERPRISE S.P.A.-მა პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის, საავტომობილო გზისა და რკინიგზის დაპროექტებაში სახელმწიფოს 8,8 მილიონი ლარი შესთავაზა, ტენდერის საწყისი ღირებულება კი 11 მილიონი ლარი იყო. ამ ეტაპზე ტენდერი ისევ შერჩევა/შეფასების სტადიაშია, თუმცა კომისია ამჯერად მომდევნო პრეტენდენტის, ესპანური კომპანიის ,teknika i proiektos-ს საქართველოს ფილიალის წინადადებას განიხილავს, რომლის შეთავაზებაც 8,9 მილიონი ლარია. აღნიშნული კომპანიის ფილიალი, რეესტრის მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალშია დაფუძნებული.

შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის დამპროექტებელი კომპანიის გამოვლენას ჯერ კიდევ გასული წლიდან ცდილობს და ტენდერიც უკვე მესამედაა გამოცხადებული. პირველად ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან ერთადერთი მონაწილე კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა, მეორე შემთხვევაში კი ტენდერის საერთოდ შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები