ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის პროექტირება სატენდერო პროცედურების გამო ჭიანურდება. დავების საბჭოს გადაწყვეტილებით, გზების დეპარტამენტს სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვა მოუწევს. საუბარია 11 მილიონიან ტერდერზე, რომელში გამარჯვებულმა კომპანიამაც პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის - საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს. პირველი ტენდერი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უშედეგოდ დასრულდა, მეორე კი 3 თვის წინ გამოცხადდა, თუმცა გამარჯვებული დღემდე არაა გამოვლენილი.
დავების საბჭოში საჩივარი დეპარტამენტის წინააღმდეგ კომპანია "ჯი თიმ“ შეიტანა, საბჭომ კი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, - სადაო მუხლი დოკუმენტაციიდან არ ამოუღია, თუმცა დეპარტამენტს ამ თემაზე მსჯელობა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება დაავალა.
კომპანია "ჯი-თი" საგზაო დეპარტამენტს დისკრიმინაციასა და არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაში ადანაშაულებდა. კომპანიის პრეტენზიები პრეტენდენტების გამოცდილების კუთხით არსებულ მოთხოვნებს ეხება. ტენდერის პირობებით, კომპანიებს საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ჩქაროსნული მაგისტრალებისა ან/და რკინიგზის მშენებლობის პროექტირების გამოცდილება მოეთხოვებათ, მინიმუმ 16 მილიონი ლარის ფარგლებში.
"ტენდერი პირდაპირ არის განსაზღვრული მხოლოდ საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნებზე და ზღუდავს ყველა სხვა ქვეყანას, რომლებსაც თავიანთ ტერიტორაზე აქვთ აღნიშნული გამოცდილება.
თუ კომპანიას რომელსაც აქვს მაგალითად OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაო და ეთვლება გამოცდილებაში, რატომ ეკრძალება იმავე ქვეყნის წარმომადგენელს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება წარმოადგინოს.“-აღნიშნული იყო კომპანიის საჩივარში.
კომპანია "ჯი-თი", საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2016 წელს, სენაკშია რეგისტრირებული და მისი 100%-ის მფლობელი გიორგი ცხადაია იყო, 2018-ში დოკუმენტაციაში ცვლილება შევიდა და მფლობელად უკვე სოსო კაკაბაძე ფიქსირდება, შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართიც და ის ამჯერად ბათუმშია რეგისტრირებული.
რაც შეეხება თავად ტენდერს, ამჟამად პროცესი შერჩევა-შეფასების სტადიაშია. საკუთარი წინადადება- 7,9 მილიონი ლარის ღირებულებით, წარდგენილი აქვს ხორვატულ კომპანიას "სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში".

























