მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდება

5c50793a33a7e
თამუნა დემეტრაშვილი
29.01.19 20:06
1064
ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის პროექტირების მომსახურებას სახელმწიფო გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შესაბამისი უფლების მისაღებად, შესყიდვების სააგენტოს დღეს მიმართა. როგორც დასაბუთებაშია აღნიშნული, უწყებამ პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის პროექტირებაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა - უშედეგოდ, რის გამოც საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა გამარტივებული შესყიდვის პრაქტიკის გამოყენების აუცილებლობა.

,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და გახსნა 2020 წელს იგეგმება, ხოლო საპროექტო მომსახურების გაწევა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვის განმავლობაში, შესაბამისად, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვა საჭიროა, განხორციელდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, რათა შესაძლებელი გახდეს საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, - ნათქვამია უწყების დასაბუთებაში.

როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, უწყება მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების პრაქტიკით ისარგებლებს და ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლითაც საუკეთესო წინადადების მქონე მომწოდებელი შეირჩევა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, სარკინიგზო ხაზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები