11 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერის ფარგლებში, გამარჯვებულმა კომპანიამ საავტომობილო გზისა და რკინიგზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს. ამჯერად გზების დეპარტამენტმა სატენდერო მოთხოვნები შეცვალა, რისი საფუძველიც, წინა ტენდერის დროს კომპანია "ჯი თის" მიერ დავების საბჭოში შეტანილი საჩივარი გახდა.
"ჯი-თი" საგზაო დეპარტამენტს დისკრიმინაციასა და არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაში ადანაშაულებდა, მათთვის მიუღებელი იყო გამოცდილების კუთხით, პრეტენდენტების მიმართ წაყენებული მოთხოვნები. კერძოდ, წინა ტენდერის პირობებით, დაინტერესებულ კომპანიას 16 მილიონი ლარის ღირებულების სამუშო უნდა ჰქონოდა შესრულებული საქართველოს, ევროკავშირის ან OECD-ის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, (საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის გარდა), ამასთან OECD-ის შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, თუ ეს ქვეყანა იმავდროულად ევროკავშირის წევრიც იყო. დავების საბჭომ "ჯი თის" საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სატენდერო კომისიას სატენდერო პირობების გადახედვა დაავალა.
ახალი ტენდერის პირობებით კი პრეტენდენტს ისევ 16 მილიონი ლარის ღირებულების დასრულებული პროექტები მოეთხოვება, ამჯერად საქართველოს და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, თუმცა კომპანიებს არ ჩაეთვლებათ იმ ქვეყანაში შესრულებული სამუშაო, სადაც თავად იქნებიან რეგისტრირებულნი.
აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტს გამოცდილება 2007 წლიდან მოეთხოვება, მომჩივანი "ჯი თი" კი 2016 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მეტიც, ვებ-პორტალ "ტენდერების მონიტორის" თანახმად, კომპანიის აქტიურობა მხოლოდ 3 ტენდერით შემოიფარგლება და სამივე შემთხვევაში ტენდერი ტანსაცმელის შესყიდვაზე იყო გამოცხადებული.