მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს წამყვანი როლი გარკვეულ სტრატეგიულ უპირატესობებს იძლევა - ვანო მაჭავარიანი

ვანო მაჭავარიანი

სტრატეგიულ და საერთაშორისო საქმეთა და პოლიტიკური ექსპერტის მოსაზრებით, საქართველო ამჟამად უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშეა დარჩენილი, ანაკლიის პორტის პროექტს კი, ეკონომიკურთან ერთად, სამხედრო-სტრატეგიული დატვირთვაც აქვს - ნატოში არსებულ შიდა გამოწვევებსა და ამ ფონზე "ქართული ოცნების" უსაფრთხოების ნარატივს ვანო მაჭავარიანი "ანალიტიკაში" აფასებს.

მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა და აშშ-ის შიდაპოლიტიკურმა პროცესებმა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად შეცვალა, რითაც მმართველი გუნდი საკუთარი ნარატივის გასამყარებლად სარგებლობს.

"ქართული ოცნება ამომრჩეველს ეუბნება: მოდი, ჯერ თვითონ დალაგდნენ და ამ არეულ გარემოში ნუ ჩავერევით, როცა დალაგდებიან, მერე ვილაპარაკოთო. თუ ადრე ნატო-ს მიდგომა იყო, რომ "კარი ღიაა", ახლა "ქართული ოცნება" ეუბნება ნატო-სა და ევროკავშირს, რომ ჩვენი კარია ღია, გააჩნია, რა პირობებით დაგველაპარაკებითო", - აცხადებს მაჭავარიანი.

მისივე შეფასებით, დღეს საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიული პარტნიორი არ ჰყავს, განსხვავებით აზერბაიჯანისგან, რომელსაც თურქეთის სახით ძლიერი მოკავშირე უმაგრებს ზურგს.

"საქართველომ ფაქტობრივად ამოაგდო საკუთარი თავი დასავლური უსაფრთხოების სტრუქტურებიდან და ამას ვერაფრით აბალანსებს. ეს არ არის მულტივექტორული პოლიტიკა. ეს არის ცალმხრივი მიმართულება პოსტსაბჭოთა, რუსეთის ვექტორისკენ, სადაც სერიოზული ცვლილებებია შესატანი", - აღნიშნავს ექსპერტი.

გადაცემაში საუბარი ასევე შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. ვანო მაჭავარიანი ყურადღებას ამახვილებს პორტის სამხედრო და ლოგისტიკურ ასპექტებზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წამყვანი როლი ამ პროექტში გარკვეულ სტრატეგიულ უპირატესობებს იძლევა.

"ანაკლიის პორტის დათვალიერებაზე ეკონომიკის მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრის ყოფნაც მიანიშნებს, რომ სახელმწიფოს თანამფლობელობა საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, პორტს მიეცეს სამხედრო, სტრატეგიული თუ მომარაგების დანიშნულება. ეს არ იქნება დამოკიდებული კერძო ოპერატორზე, როგორც ფოთის შემთხვევაშია Maersk-თან მიმართებით, სადაც სამხედრო გემების შეშვებაზე გარკვეული რეზერვაციები არსებობდა", - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

6 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელი კიდევ ერთხელ შეცვალა. მისი თქმით, პროექტი ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო პორტის 100%-იან მესაკუთრედ დარჩება, თავად დააფინანსებსა და ააშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ნავმისადგომებსა და ტერმინალებს სხვადასხვა კერძო ოპერატორზე იჯარით გასცემს. შესაბამისად, პროექტში აღარ იქნება ჩართული კერძო სტრატეგიული ინვესტორი და არც ჩინური CCCC, რომელიც 2024 წელს საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ იყო შერჩეული. მინისტრის განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.1 მილიარდი დოლარია, ხოლო ახალი მოდელის პირობებში სახელმწიფოს დამატებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება მოუწევს. დაფინანსება განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით. ამასთან, კერძო კომპანიები საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალებში განახორციელებენ ინვესტიციებს და პორტში მოიჯარე-ოპერატორების სტატუსით იფუნქციონირებენ.

ანაკლიის პორტის განვითარების მოდელი ბოლო წლებში რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად, 2014-2016 წლებში, პროექტი სრულად კერძო ინვესტორს უნდა განეხორციელებინა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. 2022 წელს მთავრობამ ახალი მოდელი წარადგინა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პორტის 51%-იან, ხოლო კერძო ინვესტორი 49%-იან წილს ფლობდა. ამ მოდელის ფარგლებში 2024 წელს უპირატეს მონაწილედ ჩინური CCCC დასახელდა, თუმცა მასთან შეთანხმება ვერ შედგა. 2026 წლის 6 ივლისს კი მთავრობამ მესამე მოდელი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტი სრულად სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება და „ლენდლორდის“ პრინციპით განვითარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები