საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საარბიტრაჟო დავაში რომელიც 2020 წლიდან მიმდინარეობს საერთაშორისო იურისტების დაქირავებაში 70 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა - ამის შესახებ ირკვევა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე იუსტიციის სამინისტროს მიერ იურიდიულ ფირმა White & Case-თან გაფორმებული კონტრაქტიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, აღნიშნული თანხიდან ამ დრომდე ფაქტობრივად გადახდილი თანხა 52 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი კონტრაქტის მთლიანი ღირებულების 75%-ია.
საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალი 2020 წლიდან განიხილავს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საარბიტრაჟო დავას, რომელიც მთავრობის მიერ მიზანმიმართული ქმედებების შედეგად პორტის ინვესტორთან ხელშეკრულების მოშლას შეეხება. კონსორციუმი დავობს, რომ სწორედ მთავრობის მიერ გატარებულმა ძირგამომთხრელმა ნაბიჯებმა პროექტის განვითარების შეჩერება გამოიწვია.
თავისმხრივ, იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ მოთხოვნილი საკომპენსაციო თანხის მოცულობა 1.6 მილიარდი დოლარია. ამასთანავე, მიმდინარეობს პარალელური დავაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთ ინვესტორ ბობ მეიერთან. აღნიშნულ დავაშიც საქართველოს მთავრობის ინტერესებს White & Case-ი იცავს.
ეს ერთადერთი საარბიტრაჟო დავა არაა, რომელშიც მთავრობის ინტერესებს White & Case-ი წარმოადგენს, კომპანია იუსტიციის სამინისტროს Inter Rao-სთან დავაშიც წარმოადგენს, რომელშიც მთავრობას გასამრჯელოს სახით 13 მილიონი ლარი აქვს გადახდილი. კომპანია ასევე მონაწილეობს საავტომობილო გზების ურჩი კონტრაქტორების, Todini-ის, Astaldi-ის, Altcom-ის წინააღმდეგ დავებშიც, რომლებშიც გასამრჯელოს სახით 3.7 მილიონი ლარი, 8.6 მილიონი ლარი, 23 მილიონი ლარი და 16 მილიონი ლარი აქვს მიღებული.
მთლიანობაში იურიდიული ფორმა White & Case-ს სახელმწიფომ 2020 წლიდან დღემდე 143 მილიონი ლარის კონტრაქტები გაუფორმა.
White & Case-ი გლობალური იურიდიული კომპანიაა, რომლის გუნდიც 2,600 ადვოკატისგან შედგება. კომპანიის წლიური შემოსავალი 2.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს.